გენდერული თანასწორობა სამსახურში - გამოწვევა ყველასთვის თუ ერთეულების ინტერესი

21-ე საუკუნეში ხშირად ვსაუბრობთ დასაქმებულთა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და ქალების როლზე ეკონომიკის განვითარებაში. წლების მანძილზე მსოფლიომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენს რეალობაში ქალებს ისევ უხდებათ ბრძოლა სამუშაო გარემოში გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებზე დაყრდნობით, ქალებსა და მამაკაცებს,  მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 6 ქვეყანაში აქვთ თანაბარი სამუშაო უფლებები - დანია, ბელგია, საფრანგეთი, ლატვია, ლუქსემბურგი და შვედეთი. მათივე განმარტებით, უმეტეს ქვეყნებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ანაზღაურება სქესის მიხედვით ერთსა და იმავე პოზიციაზე და მინიმუმ 100 წელია საჭირო იმისათვის, რომ ეს პრობლემა მსოფლიომ წარსულს ჩააბაროს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამავე თემაზე ჩატარებული კვლევის  თანახმად (2020 წ), დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის ყველა სფეროში  განსხვავებულია სქესის მიხედვით და საშუალოდ ქალების  ანაზღაურება მამაკაცების ანაზღაურების მხოლოდ 66.63%-ს შეადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ გენდერული უთანასწორობა ხანდახან ვიწრო ჯგუფებისთვის ჩვენს გარშემო აშკარად გამოხატული არაა, ყველა კვლევა და მონაცემი მოწმობს მისი არსებობის შესახებ, სწორედ ამიტომ აუცილებელია ვიმსჯელოთ კონკრეტულად სად იკვეთება პრობლემა, რა შესაძლებლობებს ვკარგავთ მისი არსებობის გამო და როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ მდგომარეობა.  

სამუშაო ადგილზე გენდერული უთანასწორობის სამი ძირითადი ფაქტორი შეგვიძლია გამოვყოთ:  

  • ანაზღაურება - გენდერული ნიშნით განსხვავებული სახელფასო პოლიტიკა ერთსა და იმავე როლსა თუ სამუშაოზე 
  • დაქირავება - თანამშრომელთა შერჩევის პროცესში სქესის გათვალისწინება და ამ ნიშნით გადაწყვეტილების მიღება 
  • განვითარება - კარიერული განვითარების განსხვავებული შესაძლებლობა სქესის ნიშნით.  

ენდერული თანასწორობა ცალკეული ინდივიდის ინტერესის საგანი არ არის. ის მასშტაბურ შინაარსს ატარებს და აუმჯობესებს როგორც კომპანიების საქმიანობის პროცესს და შედეგებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას. McKinsey-ის კვლევის მიხედვით, თუ ქალების (მათ  შორის  დიასახლისების) სრულ სამუშაო რესურსს გამოვიყენებთ და თანაბარ ანაზღაურებას შევთავაზებთ ქალებსა და მამაკაცებს, მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 28 ტრილიონი დოლარით გაიზრდება, რაც 2025 წლისთვის ამ მონაცემის 26%-იან  ზრდას გულისხმობს.  იმავე კვლევის თანახმად, გენდერული მრავალფეროვნება კომპანიის მომგებიანობასაც აუმჯობესებს და საუკეთესო სცენარის შემთხვევაში ამ ბალანსს შეუძლია კომპანიების მომგებიანობის  21%-იანი ზრდა  გამოიწვიოს.  

გუნდში აზრთა მრავალფეროვნება, განსხვავებული პერსპექტივები თუ მიდგომები კომპანიებს ეხმარება ახალი შესაძლებლობების დანახვაში, ინოვაციების დანერგაში, უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სასურველი შედეგების მიღწევაში. რაც მეტი მრავალფეროვნებაა კომპანიაში, მით ნაკლებია ე.წ. blind spots, შესაძლებლობა, რომელსაც ვერავინ ხედავს. გლობალურად, ქალები შემსყიდველი ძალის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორში, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანიებმა თავისი პროდუქტი ზუსტად მოარგონ ამ დემოგრაფიულ სეგმენტს. სამწუხაროდ დღემდე უამრავი კომპანია ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, სადაც ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იქნება ეს პროდუქტის განვითარება  თუ მარკეტინგი, რაც ბიზნესს ხელს უშლის დაინახოს სწორი აქცენტები და პოტენციალი მათი ძირითადი სეგმენტისთვის.  

გარდა ამისა, გენდერული თანასწორობა უზრუნველყოფს კომპანიაში საუკეთესო ტალანტების მობილიზებას. ეს საკითხი ცხადია, რეპუტაციულ მნიშვნელობასაც ატარებს და სწორი ღირებულებების მქონე კომპანიას მეტი შესაძლებლობა აქვს ასეთივე თანამშრომლები შემატოს გუნდს. დღეს თანასწორობის იდეა ბიზნესს კონკურენტუნარიანს ხდის და პროფესიონალებს, განურჩევლად სქესისა, მეტი მოტივაცია აქვთ იმუშაონ გარემოში, სადაც მათი საქმე და გონებრივი შესაძლებლობები ფასდება. ჯანსაღი კონკურენცია იზრდება თავად დასაქმებულებს შორისაც - თანასწორობის იდეის გავლენით მამაკაცები კარგავენ უპირატესობის და „გარანტირებულობის“ შეგრძნებას და აუმჯობესებენ სამუშაოს შესრულების ხარისხს.  

იმის დასადგენად, თუ რამდენად თანასწორი სამუშაო გარემო აქვს ბიზნესს და კარგავს თუ არა ყველა ზემოთხსენებულ შესაძლებლობას, არსებობს კოეფიციენტები, რომელიც სწორედ გენდერული უთანასწორობის 3 ძირითადი ფაქტორიდან გამომდინარეობს - ანაზღაურება, დაქირავება და განვითარება:  

  • ქალებისა და მამაკაცების რაოდენობის თანაფარდობა კომპანიისა და ცალკეული გუნდების ჭრილში 
  • საშუალო ხელფასებს შორის თანაფარდობა სქესის მიხედვით 
  • ახალი გუნდის წევრების თანაფარდობა სქესის მიხედვით  
  • ქალებისა და მამაკაცების რაოდენობის თანაფარდობა მენეჯერულ პოზიციებზე 
  • დაწინაურებული თანამშრომლების თანაფარდობა სქესის მიხედვით. 

პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიებმა ძირეული სტრატეგიული ცვლილებები უნდა განახორციელონ. ამ პროცესში მთავარი როლი სწორედ ტოპ მენეჯმენტსა და HR გუნდს ეკისრება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ სტერეოტიპული აზროვნების ცვლილება, რომელიც მამაკაცებს გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს სხვადასხვა პოზიციაზე განხილვის შემთხვევაში. ამისათვის პირველი ნაბიჯი ვაკანსიის ტექსტში გენდერულად ნეიტრალური ენის გამოყენება და ნებისმიერი სქესის მიმღებლობაა ნებისმიერ სფეროსა თუ პოზიციაზე.  

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელფასო სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა. კომპანიებმა უნდა აწარმოონ სახელფასო აუდიტი, რაც გულისხმობს თანამშრომლების ანაზღაურების გეფის პოვნას სქესის ჭრილში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით - განათლება, გამოცდილება, პოზიცია და მოვალეობები. მნიშვნელოვანი უარგუმენტო შეუთავსებლობის შემთხვევაში კი აუცილებელია სახელფასო პოლიტიკის გადახედვა.  

BDO-სთვის დივერსიფიცირებული გარემო ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და  ძლიერი, პროფესიონალი ქალების არსებობა ჩვენს გუნდში აბსოლუტურად ორგანულია, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ციფრულ სერვისებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სქესის ნიშნით უპირატესობის სტერეოტიპები საზოგადოებაში. გენდერული ბალანსის მხარდამჭერი ეკოსისტემა BDO-ს გუნდისთვის ეყრდნობა კომპანიის პრინციპულ მიდგომებს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომელთა თანაბარ ხელშეწყობას მუშაობის, სწავლისა, განვითარების და კარიერული წინსვლის პროცესში;  

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ  მოძრაობას  რომელიც  ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე თუ საზოგადოებაში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში BDO-მ 2020 წელს ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). ამით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, შესაბამისობაში ვიყოთ გაეროს საყოველთაო პრინციპებთან, რადგან გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული თანასწორობის იდეასა და მრავალფეროვნების უნიკალურ პოტენციალზე.  

#BalanceforBetter  #EachforEqual