This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • აირჩიეთ ენა: KA EN 
  • საკანონმდებლო მაცნე / აგვისტო 2021 no.5

საკანონმდებლო მაცნე / აგვისტო 2021 no.5

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება
 

 

ცვლილება კანონში

ქონების გადასახადისგან გათავისუფლება

საქართველოს პარლამენტის 809-Vრს-Xმპ კანონით, 2021 წლის 22 ივლისს ცვლილებები შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, შეიცვალა 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ5“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული იმ უძრავი ქონების გათავისუფლებას, რომელიც გამოიყენებოდა საგანმანათლებლო საქმიანობაში. ცვლილებით განისაზღვრა, რომ გათავისუფლებას ასევე დაექვემდებარება ის უძრავი ქონებაც, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობაში. ამასთან, გათავისუფლება შეეხება არა მხოლოდ საგანმანათლებლო მომსახურების გასაწევად გამოყენებულ ასეთ უძრავ ქონებებს, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად გამოყენებულსაც.

ცვლილება ასევე შეეხო ზემოხსენებული მუხლის მე-2 ნაწილსაც. ცვლილებამდე არსებული რედაქციით განსაზღვრული იყო, რომ ზემოთ მითითებული გათავისუფლება არ შეეხებოდა, პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ უძრავ ქონებებს. ცვლილებით განისაზღვრა, რომ გათავისუფლება გავრცელდება ასევე იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ უძრავ ქონებებზე, თუ უძრავი ქონების გადაცემას განახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.

ცვლილება ძალაშია 2021 წლის 27 ივლისიდან და მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

ცვლილება ბრძანებაში

დამატებული ღირებულების გადასახადი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის №170 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად ბრძანებას დაემატა 665-ე მუხლი, რომელიც განმარტავს ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-12-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით. აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ტურისტული პროდუქტით გათვალისწინებული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულად, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ.  აღნიშნული ჩანაწერი მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ცვლილება შეეხო 112-ე მუხლის 49-ე ნაწილსაც. ცვლილებამდე არსებული რედაქციით განსაზღვრული იყო, რომ  საქონლის იმპორტის შემთხვევაში, საქონლის სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ხარჯები, რომელიც გაიწეოდა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე და შეიტანებოდა საქონლის საბაჟო ღირებულებაში, ექვემდებარებოდა გათავისუფლებას დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. ცვლილებით კი განისაზღვრა, რომ ეს შეღავათი შეეხება არა მხოლოდ იმ სატრანსპორტო და მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც საბაჟო საზღვრამდეა გაწეული და შეიტანება საბაჟო ღირებულებაში, არამედ ყველას, რომელიც შეტანილია საქონლის საბაჟო ღირებულებაში.

 

აღნიშნული ჩანაწერი მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბრძანება ძალაშია 2021 წლის 20 ივლისიდან.

 

პირადი საგადასახადო მრჩეველი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 ივლისის №178 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად ბრძანებიდან ამოღებულ იქნა მე-5 თავი, რომელიც განსაზღვრავდა პირადი საგადასახადო მრჩევლის (საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის) შესახებ დებულებებს.

დამატებით განიმარტა, რომ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული ნორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედ პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებებთან მიმართებაში, ამ ხელშეკრულებების მოქმედების ვადით.

 

ბრძანება ძალაშია 2021 წლის 23 ივლისიდან.

 

უცხოელი დასაბეგრი პირი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 27 ივლისის №184 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილება შეეხო 471-ე მუხლს, რომელიც არეგულირებს უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე დღგ-ის გამოანგარიშების, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და ინფორმირების წესს.

ცვლილების თანახმად აღნიშნული მუხლის ტერმინთა განმარტებებს დაემატა დღგ-ის პორტალის განმარტება, რომელიც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ ელექტრონულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც უცხოელი დასაბეგრი პირი ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს საქართველოში გაწეულ ციფრულ მომსახურებებთან მიმართებაში.

ცვლილების მიხედვით საანგარიშო პერიოდად კალენდარული თვის ნაცვლად განისაზღვრა კვარტალი: 

 

  •  1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით (I კვარტალი)
  •  1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (II კვარტალი)
  •  1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (III კვარტალი)
  •  1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  (IV კვარტალი)

 

საანგარიშო პერიოდის ცვლილების შესაბამისად შეიცვალა უცხოელი დასაბეგრი პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის და გადასახადის გადახდის ვადა. ცვლილების მიხედვით პირს დეკლარაციის წარდგენა ევალება არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის (კვარტალი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა და გადასახადის გადახდა - არაუგვიანეს ამავე თვის ბოლო დღისა, ნაცვლად არაუგვიანეს ყველა საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, დამატებით განიმარტა, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების თარიღად ითვლება გადახდილი თანხის სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშზე ასახვის თარიღი.

ასევე, უცხოელ დასაბეგრ პირს მიეცა არჩევნის საშუალება, საქართველოს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით გამოიყენოს მოცემული ვალუტებიდან ერთ-ერთი, როგორიცაა - აშშ დოლარი, ევრო ან ლარი. 

ცვლილების თანახმად, უცხოელ დასაბეგრ პირს დაეკისრა ვალდებულება, რომ აღრიცხოს მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული ციფრული მომსახურება და საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით, შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია იმ წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც გაწეულ იქნა მომსახურება.

ცვლილების თანახმად 471-ე მუხლის მოქმედება შეჩერებულია 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე.

ბრძანება ძალაშია 2021 წლის 29 ივლისიდან.

 

ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

2021 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობის №366 დადგენილებით ცვლილება შევიდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში. ცვლილებების თანახმად განიმარტა, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.

დამატებით განიმარტა, რომ თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების მომენტიდან.

ცვლილება ძალაშია 2021 წლის 23 ივლისიდან.