This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • აირჩიეთ ენა: KA EN 
  • საკანონმდებლო მაცნე / სექტემბერი 2021 No.6

საკანონმდებლო მაცნე / სექტემბერი 2021 No.6

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება

 

 

ცვლილება ბრძანებაში

დამატებული ღირებულების გადასახადი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 აგვისტოს №197 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად 72-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი. ცვლილებამდე არსებული ჩანაწერით საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველი იყო − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ცვლილების თანახმად დამატებით განიმარტა, რომ დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ

ბ) „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა

გ) „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით.

ბრძანება ძალაშია 2021 წლის 7 აგვისტოდან.

 

არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი

2021 წლის 5 აგვისტოს გამოიცა შემოსავლების სამსახურის უფროსის №25697 ბრძანება  „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის“ შესახებ. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №13617 „ცალკეულ   შემთხვევებში   გადასახადის 

გადამხდელისათვის  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების

გამოწერის/დადასტურების  უფლების  შეზღუდვის“ შესახებ. ძველი ბრძანებისგან განსხვავებით დამატებით განისაზღვრა, რომ  „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გამოცემისთანავე, ბრძანების გამოცემის შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ ოპერაციებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქონებაზე ყადაღის დადება) გათვალისწინებული ქონების განკარგვის აკრძალვის უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელს შეეზღუდება სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის უფლება.

აღნიშნულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის ვალის მართვის დეპარტამენტი.  სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა საშუალება გამოწეროს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ბრძანების მოცემული ნაწილი ამოქმედდება შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შექმნისთანავე.

 

საერთაშორისო შეთანხმება

2021 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნდა კონვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ.

აღნიშნული კონვენცია ძალაში შევიდა 2021 წლის 23 ივლისს, ხოლო მისი მოქმედება დაიწყება კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან.