This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • აირჩიეთ ენა: KA EN 
  • საკანონმდებლო მაცნე / დეკემბერი 2021 No.8

საკანონმდებლო მაცნე / დეკემბერი 2021 No.8

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება

 

ცვლილება ბრძანებაში

არაკვალიფიციური გადამხდელი

2021 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 1 ნოემბრის №34331 ბრძანება, რომლითაც ცვლილება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 5 აგვისტოს №25697 ბრძანებაში „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის შესახებ“. კერძოდ, ცვლილება შეეხო აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავდა საგადასახადო ორგანოს  უფლებამოსილებას, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის მიენიჭებინა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ან უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაშიც. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანო მხოლოდ გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში შეისწავლის საკითხს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისათვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ცვლილების თანახმად ბრძანებას დაემატა 51 მუხლი, რომელიც აზუსტებს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებს:

  • გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება
  • გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის საგადასახადო დავალიანება ან/და გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი პარტნიორის მიერ დაფუძნებული სხვა საწარმოს საგადასახადო დავალიანება.

ცვლილებით აღნიშნულ ბრძანებას ასევე დაემატა 52 პუნქტი, რომლის მიხედვითაც განიმარტა, რომ საგადასახადო ორგანო განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების და დამფუძნებელი პარტნიორის წილობრივი მონაწილეობის იმ ოდენობას საწარმოში, რომლის შემთხვევაშიც, პირს არ მიენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ბრძანება ძალაშია 2021 წლის 2 ნოემბრიდან.

 

ცვლილება მეთოდურ მითითებებში

ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390  ბრძანებით, ცვლილება შევიდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებას დაემატა მეთოდური მითითება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“, №8 დანართის შესაბამისად.

მეთოდური მითითება ძალაშია 2021 წლის 13 ნოემბრიდან.