This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
პუბლიკაცია:

BEPS - პროექტი გლობალური საგადასახადო პრობლემის წინააღმდეგ

25 ნოემბერი 2020

ავტორი: დავით აბესაძე / ჯგუფის ხელმძღვანელი, საგადასახადო მომსახურების მიმართულება |

ბოლო ათწლეულში გლობალიზაციის ტემპის ზრდის, დიჯიტალიზაციის, საერთაშორისო ბიზნესის წარმოების, დახვეწისა და განვითარების შედეგად, საერთაშორისო დაბეგვრის თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და შინაარსი დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. მულტინაციონალურმა საწარმოებმა აქტიურად დაიწყეს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოყენება, იმისთვის რომ გადასახადების შემცირების მიზნით, მოგება ხელოვნურად გადაიტანონ დაბალი განაკვეთის/შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში, რომელიც არ წარმოადგენს მათი ძირითადი საქმიანობის ადგილს და სადაც არ წარმოქმნილა აღნიშნული მოგება. ხშირ შემთხვევაში მოგების გადატანა ხდება არსებული საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით. მსგავსი სქემების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგადასახადო სისტემის სამართლიანობასა და მთლიანობას. საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ამგვარი ხარვეზები მულტინაციონალური საწარმოებისთვის ადგილობრივ საწარმოებთან მიმართებაში კონკურენტული უპირატესობაა და უარყოფითად აისახება გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების დაცვისა და გადასახადების პატიოსნად გადახდის სურვილზე. კვლევების მიხედვით, გადასახადების თავიდან აცილების სქემების არსებობის გამო, სახელმწიფოები ყოველწლიურად, ჯამში 100-დან 240 მლრდ დოლარამდე მოგების გადასახადს კარგავდნენ, რაც გლობალურად ყოველწლიური წარმოქმნილი მოგების გადასახადის 4-10%-ს შეადგენს.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2013 წელს დიდი ოცეულის (G20) მოთხოვნების საფუძველზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ, ინიცირებულ იქნა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პროექტი (BEPS). BEPS-ის პროექტის დანერგვის მიზნით, 2016 წლის თებერვალში  OECD-ს წევრი სახელმწიფოებისა და დიდი ოცეულის ქვეყნების მიერ შეიქმნა BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმა, რომლის  წევრობა ითვალისწინებს BEPS-ის პროექტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებას. დღეისათვის BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის წევრია 137 სახელმწიფო და იურისდიქცია, ისინი მონაწილეობენ თანამედროვე, საერთაშორისო საგადასახადო სიტემის ჩამოყალიბებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოგების დაბეგვრა იმ ქვეყანაში, სადაც კომპანია საქმიანობს და დოვლათი იქმნება.

 

ღონისძიებები BEPS-ის მიხედვით

BEPS-ის პროექტის ფარგლებში 15 ღონისძიება შემუშავდა, აღნიშნული ღონისძიებების იმპლემენტაცია ქვეყნებს აძლევს ინსტრუმენტებს  ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების სახით, რომელთა გამოყენებით შეუძლიათ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ან/და  რეაგირება მოახდინონ გადასახადების თავიდან აცილების ფაქტებზე. მოცემული ღონისძიებებია:

 

BEPS-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული 15 ღონისძიებიდან 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვა სავალდებულოა ინკლუზიური პლატფორმის ყველა წევრისთვის. მინიმალური სტანდარტები მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომელთა დანერგვა არ მოახდენს უარყოფით გავლენას სხვა სახელმწიფოებზე და ქვეყნებს საშუალებას აძლევს დაიცვან საკუთარი საგადასახადო სისტემა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის ეფექტებისაგან. 

 

მინიმალური სტანდარტების 4 ღონისძიება

საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთა: მოცემული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე რეჟიმების შეფასება და მონიტორინგი, ისეთი საკანონმდებლო ნორმების გამოსავლენად და აღსაკვეთად, რომელებიც ხელს უწყობენ  დასაბეგრი ბაზის შემცირებასა და მოგების გადატანას. ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ნულოვანი/შეღავათიანი დაბეგვრის მქონე რეჟიმებში მოგების დაბეგვრისათვის საქმიანობის ძირითადი ადგილის მოთხოვნის არსებობა, რათა წევრი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფილ იქნას თანასწორი საგადასახადო კანონმდებლობის ჩამოყალიბება. ასევე, გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის სავალდებულო სპონტანური გაცვლა, რაც ხელს უწყობს საზიანო საგადასახადო პრაქტიკის მიმოხილვასა და მონიტორინგს.

საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა: მოიცავს ქვეყნებს შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების ბოროტად გამოყენების ერთგვარი „შეთანხმებებით ვაჭრობის“ აღსაკვეთად ღონისძიებების გატარებას. მოცემული მიზნის მისაღწევად შემუშავებულია შეთანხმებებში შესატანი ცვლილების ტექსტი და აქტიურად მიმდინარეობს ცვლილებები პლატფორმის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნების დაცვას შეთანხმებებით ვაჭრობისგან.

ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების გაცვლა: მულტინაციონალური საწარმოები (რომელთა ჯგუფის ჯამური შემოსავალი აღემატება 750 მლნ ევროს) ვალდებული არიან ანგარიშგება მოამზადონ ქვეყნების მიხედვით, რაც მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება მულტინაციონალურ დონეზე მიღებული შემოსავალი, მოგება, გადახდილი გადასახადი და ეკონომიკური აქტივობა იმ იურისდიქციების მიხედვით, სადაც ისინი ოპერირებენ. აღნიშნული ანგარიშგება ხელმისაწვდომია ყველა იმ იურისდიქციისთვის, სადაც მოცემული მულტინაციონალური საწარმოები ოპერირებენ და გამოიყენება საერთაშორისო ფასწარმოქმნისა და BEPS-ის რისკების შესაფასებლად.

დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის ზრდა: მოცემული ღონისძიება მიმართულია ქვეყნებს შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული დავების ეფექტურად გადაწყვეტისკენ, რისთვისაც შემუშავებულია მექანიზმი „ორმხრივი შეთანხმების პროცედურა (MAP)“, რომელიც უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებების სწორ ინტერპრეტაციას და გადასახადის გადამხდელების იმ შეღავათებით უზრუნველყოფას, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნებს შორის გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებით.   

BEPS-ის პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ინკლუზიური პლატფორმის წევრების მიერ მინიმალური სტანდარტების დანერგვის მონიტორინგი, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ მათი საგადასახადო სისტემის ის ელემენტები, რომლებიც წარმოშობს   დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის რისკებს, ამასთან, ეხმარება მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე გაატარონ ღონისძიებები რისკების აღმოსაფხვრელად.

 

BEPS-ის ყოველწლიური ანგარიში

2020 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა BEPS-ის პროექტის მიმდინარეობის მე-4 ყოველწლიური ანგარიში. მოცემულ ანგარიშში დეტალურად არის განხილული სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მიღწეული შედეგები. ანგარიშში დიდი აქცენტი გაკეთებულია 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის ნაწილში მიღწეულ შედეგებზე, ამ მიმართულებით ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისთვის:

  • მე-5 ღონისძიების ფარგლებში შემოწმებულია 300-მდე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე რეჟიმი, საიდანაც 100-მდე რეჟიმი მიჩნეულ იქნა საზიანოდ და რისკების აღმოფხვრის მიზნით რეჟიმების ნაწილი გაუქმდა, ხოლო ნაწილში გატარდა საკანონმდებლო ცვლილებები.
  • მე-6 ღონისძიების ფარგლებში, შეთანხმებული ცვლილების ტექსტის შესაბამისად, 94-მა წევრმა სახელმწიფომ უკვე შეიტანა ცვლილებები მათ მიერ გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებების ნაწილში.
  • მე-13 ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების (CBC report) წარდგენა უკვე სავალდებულოა 90 ქვეყანაში, ხოლო 25 ქვეყანაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები.

მე-14 ღონისძიების ფარგლებში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებებთან დაკავშირებული დავების გადაჭრის მექანიზმების არსებობის კუთხით, შემოწმებულია 69 სახელმწიფო, ხოლო 13 სახელმწიფოს შემოწმება მიმდინარეობს.

 

BEPS-ის პროექტი საქართველოში

BEPS-ის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, ვინაიდან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული მულტინაციონალური საწარმოებიდან მიღებულ მოგების გადასახადზე. შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნების ჩართულობა მათ საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საგადასახადო სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში და ასევე მიიღონ მხარდაჭერა მათ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოსასწორებლად.

2016 წლის 14 ივნისს საქართველო შეუერთდა BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას, ხოლო 2016 წლის 1 ივლისს BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის პირველ შეხვედრაზე დამტკიცდა ხელმძღვანელი ჯგუფის შემადგენლობა, რომელშიც  საქართველო არჩეულ იქნა ასოცირებული წევრის სტატუსით. საქართველომ, როგორც BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ასოცირებულმა წევრმა, აიღო 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის ვალდებულება  და როგორც ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საგადასახადო სისტემაში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზისა და შემუშავების პროცესში.

საქართველო აქტიურად მუშაობს აღებული ვალდებულებით განსაზღვრული 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს BEPS-ის სტანდარტების იმპლემენტაციისა და ამ კუთხით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით:

 

საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთა

2017 წელს პირველად, საზიანო საგადასახადო პრაქტიკის ფორუმის (FHTP) მიერ შემოწმდა საქართველოში არსებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე რეჟიმები. შემოწმების შედეგად  FHTP-მ მიიჩნია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სპეციალური სავაჭრო კომპანია არ წარმოადგენს შესწავლის საგანს, შესაბამისად საჭირო არ არის აღნიშნულ რეჟიმებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და აღნიშნული რეჟიმების მომავალში მონიტორინგი. რაც შეეხება საერთაშორისო ფინანსურ კომპანიასა და ვირტუალური ზონის პირს, აღნიშნული რეჟიმები მიჩნეული იქნა როგორც საგადასახადო კანონმდებლობისთვის მიმდინარედ არასაზიანოდ, მაგრამ პოტენციურად საზიანოდ და შესაბამისად, მიმდინარეობს მათი ყოველწლიური მონიტორინგი. OECD-ს მიერ 2019 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო ჩართულობა ინფორმაციის სავალდებულო სპონტანურ გაცვლაში შეფასდა დადებითად.

 
საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა

2017 წლის 7 ივნისს საქართველომ 70 სხვა სახელმწიფოსთან ერთად ხელი მოაწერა მრავალმხრივ კონვენციას დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ (MLI), რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 29 დეკემბერს. მოცემული კონვენციის ფარგლებში საქართველომ წარმატებულად შეათანხმა ორმაგი დაბეგვის თავიდან აცილების შეთანხმების  სინთეზირებული ტექსტი 8 სახელმწიფოსთან დიდ ბრიტანეთთან, სერბეთთან, ირლანდიასთან, ლუქსემბურგთან, ისლანდიასთან, ფინეთთან,  სლოვენიასა და ინდოეთთან, რაც უკვე გამოქვეყნებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საიტზე. დაგეგმილია 34 ქვეყანასთან გაფორმებულ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა.

 

ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების გაცვლა

2016 წლის 30 ივნისს საქართველო შეუერთდა ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების შეთანხმებას (CBC MCAA). იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს  CBC რეპორტინგის ფარგლებში სხვა სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლა, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე. 2019 წლის განმავლობაში OECD-ს ჩართულობით საქართველო აქტიურად  მუშაობდა CBC რეპორტინგისთვის საჭირო საკანონმდებლო სივრცის ჩამოყალიბების მიმართულებით.  2020 წლის 22 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება და დაემატა მუხლი 701, რომლის შესაბამისად მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება იმ მულტინაციონალურ საწარმოთა ჯგუფზე, რომლის მთლიანი კონსოლიდირებული წლიური ჯგუფური შემოსავალი 750 მლნ ევროზე მეტია.

 

დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის ზრდა

2017 წლის მაისში საქართველო აირჩიეს ორმხრივი შეთანხმების პროცედურის ფორუმის (MAP Forum) მმართველი ჯგუფის წევრად, სადაც ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს სხვა ქვეყნების მიმოხილვის პროცესში.  2019 წლის განმავლობაში საქართველო OECD-სა და მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობდა MAP-ის დანერგვასთან დაკავშირებით, რაც  გადასახადის გადამხდელს საშუალებას მისცემს საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოში არსებულ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება ფინანსთა მინისტრის ბრძანების გამოცემა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშიდან იკვეთება, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს BEPS-ის მინიმალური სტანდარტების დანერგვაში, ასევე საერთაშორისო დონეზე ჩართულია საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და მათი დანერგვის მონიტორინგში, რაც დადებითად არის შეფასებული OECD-ს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ BEPS-ის პროექტის მინიმალური სტანდარტების სრული იმპლემენტაციისათვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, რადგან დამუშავების პროცესშია და მისაღებია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე საჭიროა შეიქმნას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა, რათა გადაიდგას დროული და სწორი ნაბიჯები ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის საერთაშორისო საგადასახადო საკანონმდებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის კუთხით.