This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • საკანონმდებლო მაცნე / აპრილი 2021 No.2
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / აპრილი 2021 No.2

07 აპრილი 2021

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება |

ცვლილება ბრძანებაში

დამატებული ღირებულების გადასახადი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №46 ბრძანებით 2021 წლის 5 მარტს ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. კერძოდ, 73-ე მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტზე გაწეული ხარჯების მიხედვით დღგ-ს ჩათვლის წესები 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში დღგ-ს კარში შესული ცვლილებების შესაბამისად. ეს ცვლილება ძალაშია 2021 წლის 10 მარტიდან.

ამავე ბრძანებაში ცვლილებები შევიდა ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის №47 ბრძანებით (05.03.2021), კერძოდ:

482 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

ცვლილებით 112-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 46-ე 47-ე და 48-ე პუნქტები:

  • 46-ე და 47-ე პუნქტების თანახმად დაზუსტდა, რომ  საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი. აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ორივე მხარე წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს და ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით, ამ ოპერაციის თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს მის მიერ მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე დარიცხული და შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში. ამ შემთხვევაში, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ ოპერაციაზე დარიცხული და შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რა დროსაც, დასაბეგრ პირებს შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება.
  • 48-ე პუნქტის თანახმად დაზუსტდა, რომ თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ არ ანაზღაურებულა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

ცვლილება ძალაშია  2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

მეთოდური მითითება დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ

2021 წლის 17 მარტს შემოსავლების სამსახურის უფროსის №7536 ბრძანებით დამტკიცდა დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებები მაგალითების სახით, შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

  • დანართი №1- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
  • დანართი №2 - ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად
  • დანართი №3 - ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები
  • დანართი №4 - დასაბეგრი პირები
  • დანართი №5 - დღგ-ის ჩათვლა.

თითოეულ დანართში განხილულია არსებული თემის შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.

ბრძანება ძალაშია 2021 წლის 17 მარტიდან.