This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • საკანონმდებლო მაცნე / მაისი 2020 No.3
საინფორმაციო ბიულეტენი:

საკანონმდებლო მაცნე / მაისი 2020 No.3

14 მაისი 2020

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება |

 

ცვლილება ბრძანებაში

დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის ნუსხის გაზრდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი №01-37/ნ/№91 ბრძანებით  ცვლილება შევიდა ამავე მიმართულებების მინისტრების მიერ გამოცემულ 2017 წლის 15 დეკემბრის №01-69/ნ/№451 ერთობლივ ბრძანებაში. კერძოდ, პირველ მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც  სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხას, რომლის მიწოდება ან/და იმპორტი სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ1“ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლების გარეშე, დაემატა შემდეგი დასახელების საქონელი:

ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები

ბ) 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან

გ) 3926 90 980 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები

დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი

ე) 6210 10 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული კომბინიზონები, საიზოლაციო, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები

ვ) 6307 90 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან

ზ) 6506 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამედიცინო ქუდები

თ) 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები პლასტმასის

ი) 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო.

ბრძანება ძალაშია 2020 წლის 3 აპრილიდან.

ამასთან, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებით აიკრძალა როგორც ზემოაღნიშნული საქონლის, ასევე შემდეგი საქონლის ექსპორტი ან/და რეექსპორტი:

  • სეს ესნ-ის 9019 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები
  • სეს ესნ-ის 3808 94 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული მადეზინფიცირებელი საშუალებები.

 

ცვლილება მთავრობის დადგენილებაში

დავის დისტანციურად განხილვა

საქართველოს მთავრობის №212  (02.04.2020) დადგენილებით  ცვლილება  შევიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში. ცვლილებით ამავე დადგენილების მე-13 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით და ასევე საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

დადგენილება ძალაშია 2020 წლის 3 აპრილიდან.

 

დაქირავებით დასაქმებულების და თვითდასაქმებულების კომპენსაცია

საქართველოს მთავრობის №286 დადგენილებით 2020 წლის 4 მაისს დამტკიცდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.

პროგრამით განისაზღვრა  დახმარების გაცემის წესი, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები და კომპენსაციის ოდენობა.

 

დაქირავებით დასაქმებულები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი

პანდემიის შედეგად დაზარალებული პირები 2020 წლის მაისის თვიდან შეძლებენ მიიღონ 200 ლარიანი კომპენსაცია ყოველთვიურად მაქსიმუმ 6 თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

  • 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც უფიქსირდება ხელფასის მიღება
  • საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან აპრილის ან/და მაისის თვეში აღარ იღებს ხელფასს

პროგრამით სარგებლობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე  ფიზიკური პირები.

დადგენილების მიხედვით კომპენსაციის მიღების მიზნებისთვის ხელფასად განიხილება  დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება ან არაფულადი სარგებელი, გარდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისა.

მოცემული კომპენსაციის გადახდა დამოკიდებულია დამქირავებლის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ ინფორმაციაზე. დამქირავებელი მაისის თვიდან ექვსი თვის განმავლობაში ყოველი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა  გადასახადის გადამხდელის პირადი ვებ-გვერდის გამოყენებით ელექტრონულად წარადგენს კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო მონაცემებს და საბანკო რეკვიზიტებს.

კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.

კომპენსაციის ასანაზღაურებლად წარსადგენი ინფორმაციის პირველი საანგარიშო თვე არის 2020 წლის აპრილი.

დადგენილების მიხედვით კომპენსაციის მიღება წყდება შემდეგ შემთხვევებში:

  • პირის  განცხადებით
  • საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში
  • პირის გარდაცვალების შემთხვევაში
  • თუ 2020 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში პირზე ხელფასის გაცემა ერთხელ მაინც დაფიქსირდა.

 

თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარება

მიმდინარე წლის მაისიდან იწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი
ფულადი კომპენსაციის, 300 ლარის გაცემა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არიან  თვითდასაქმებულები.

კომპენსაციის მიღების მიზნით თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა, კერძოდ:

  • ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში
  • ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა, არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

კომპენსაციის მიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე (www.moh.gov.ge) უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.

 

რეგისტრირებული თვითდასაქმებულები

კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების სიას შეადგენს შემოსავლების სამსახური 2020 წლის 20 მაისამდე.

დადგენილების მიხედვით, ამგვარი პირებისთვის ეკონომიკურ აქტივობად ჩაითვლება:

  • პირის მიერ სამსახურში საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება წარდგენა
  • საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება
  • გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი
  • ბიუჯეტში გადასახადის ან შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა

კომპენსაციის გაცემა მოხდება მის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები

არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა და შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა, საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა).

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად, განიხილავს არარეგისტრირებული თვითდასაქმებულის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას.

კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისთვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.