This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • სტარლინკი - როგორ უბიძგებს მასკის სატელიტები სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მასიურად გადავიდნენ 5G ტექნოლოგიაზე (ENG)
ბლოგი:

სტარლინკი - როგორ უბიძგებს მასკის სატელიტები სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მასიურად გადავიდნენ 5G ტექნოლოგიაზე

28 ივნისი 2021

მასალის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია მომზადებულია BDO-ს მიერ

 

იმის გასააზრებლად, რომ ინოვაციური ტექნოლოგიები და გაუთვალისწინებელი რისკები ყველაზე ხშირად სწორედ იქ ჩნდება, სადაც არავინ ელოდება, სატელეკომუნიკაციო კომპანიებმა უბრალოდ ზემოთ უნდა აიხედონ.

ცაზე, ჩვენს ზემოთ, SpaceX-ის რაკეტები საქმიანად აწყობენ სტარლინკის სატელიტურ ქსელს. დღეს, 1000-ზე მეტი სტარლინკის სატელიტი გარს ეკვრის პლანეტას. ეს რაოდენობა მალე ხუთნიშნა გახდება. სატელიტური თანავარსკვლავედის მეშვეობით, Elon Musk & Co. მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე წვდომას გვთავაზობს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ გამოწერა და ერთჯერადი ანგარიშსწორება მცირე ზომის სატელიტური თეფშისთვის (მოხერხებულად Dishy რომ უწოდეს). 

სტარლინკის წარმომადგენლები საკუთარ თავს სატელეკომუნიკაციო კომპანიების პირდაპირ კონკურენტად არ განიხილავენ, თითქოს ეუბნებიან, 'გაიარეთ, გაიარეთ, სანახავი არაფერიაო', როცა მათ ბიზნეს მოდელს და შესაძლებლობებს ახლოდან ჩაუკვირდებიან ხოლმე. 

ახლო დაკვირვებით კი ისე სჩანს, რომ ერთი შეხედვით მომხიბვლელ ინტერნეტს კოსმოსიდან სერიოზული ბიზნესრისკის გამოწვევა შეუძლია, რაც სატელეკომუნიკაციო კომპანიების გეგმებს აურევს და მათ სამომავლო შესაძლებლობებს პრობლემებს შეუქმნის. ეს ფაქტი უკვე აღინიშნა რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კომპანიას მიერ, რომლებიც სტარლინკის კონკურენტის გაშვებას გეგმავენ.  

 

Beam Me Up, Elon​

2020 წლის ბოლოს SpaceX-მა დაიწყო ინტერნეტის შეთავაზება, რომლის სიჩქარეც 300 მგბტ/წმ-მდე შეადგენდა, ინტერნეტი სტარლინკის მეშვეობით თავის პირველ 10 000 მომხმარებელს მიეწოდებოდა. კომპანიამ ასევე ჩაუშვა წინასწარი ჯავშნის სისტემა დაბრუნებადი დეპოზიტით. SpaceX COO-ის აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის გვინ შოთველის (Gwynne Shotwell) განცხადებით, პლანეტის დიდი ნაწილი ორბიტაზე დაახლოებით, 1 300 სატელიტით არის მოცული. თუმცა კომპანია გეგმავს სატელიტების რაოდენობა გაზარდოს 30 000-ზე მეტად

სხვა კომპანიები, მათ შორის OneWeb-ი, HughesNet-ი და Viasat-ი ინტერნეტზე წვდომას სთავაზობენ კოსმოსიდან. მაშინ, როცა Amazon’s Kuiper Systems-ი ჯერ-კიდევ ახალბედაა და შორსაა იმ შესაძლებლობისგან, რომ კლიენტებს მომსახურება შესთავაზოს. ის გრძელვადიან წარმატებას  უფრო მისი დედაკომპანიის ფინანსებით და AWS-თან დაკავშირებული სერვისების პაკეტებად შეთავაზებით მიაწევს. 

ერთი განსხვავება სტარლინკსა და სხვა არსებულ კონკურენტებს შორის სისწრაფისა და ულიმიტო მონაცემების კომბინაციაა. თვის მანძილზე 99$-იანი გადასახადი ასევე კონკურენტულია ფასის თვალსაზრისით. 

თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ამას მასკი და SpaceX-ი იმედოვნებენ, სტარლინკი მათი გრძელვადიანი შემოსავლის მთავარი კომპონენტი გახდება და კუთხეში მიამწყვდევს კოსმიური ინდუსტრიის დიდ ნაწილს, რომელიც CAGR-ის პროგნოზებით, 5.6%-ით გაიზრდება და 2026 წლისათვის 558 მილიარდს მიაღწევს. SpaceX-ის გეგმაა სტარლინკის გამოყოფა და მისი ყველასთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გადაილახოს ფინანსური ზარალი, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას კომპანიაზე უახლოეს წლებში, და დაეხმაროს  SpaceX-სა და სტარლინკს მიაღწიონ ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას. არც თუ მცირე საქმეა თუ გავითვალისწინებთ კერძო სატელიტური კომპანიების წარსულ გამოწვევებს

 

მასკი ტელეკომუნიკაციებზე ნადირობს?

ილონ მასკი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სტარლინკი ტრადიციული ტელეკომუნიკაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  სანაცვლოდ, ის ფოკუსირებულია იმ კლიენტების 3-4%-ზე, რომლებთანაც ტრადიციული პროვაიდერები სერვისის მიწოდების დროს პრობლემებს აწყდებიან.  

ასე რომ, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ, რადგან ეცოდინებათ, რომ სტარლინკი კონკურენტი არ არის, არა? ასე იოლადაც ნუ მოდუნდებით. 

სტარლინკის პირველადი შეთავაზებები მართლაც ორიენტირებულია პატარა სოფლების მოსახლეობასა და მცირე მასშტაბის კომპანიებზე, რომელთაც ინტერნეტთან დაბალი ხარისხის წვდომა აქვთ. როგორც აშშ-ს ფედერალური კომისიის რეპორტი იტყობინება, 21.3 მლნ ადამიანს აშშ-ში არ აქვს წვდომა მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტთან (ჩამოტვირთვის სიჩქარე არის მინიმუმ 25 მგბტ/წმ, ხოლო ატვირთვის 3 მგბტ/წმ-ში). ეს მოსახლეობის 6.5%-ს შეადგენს. დაფიქრდით, მსხვილი რეგიონები მსოფლიოს მასშტაბით, არ ფლობენ ფართოზოლოვან ინფრაქსტრუქტურას, აქვთ მოძველებული ინფრასტრუქტურა - ან კიდევ ამ დრომდე არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ასეთ სიტუაციებში, არჩევანი სწრაფად იქცევა არჩევანად ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებასა ან სატელიტური ინტერნეტის შესაძლებლობების გამოცდას შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოტენციური ბაზარი შესაძლოა გაცილებით ფართო იყოს. 

მასკმა გათვალა, რომ სტარლინკს შეუძლია გამოიმუშავოს 30 მლრდ აშშ დოლარზე მეტი მსოფლიოს იმ მოსახელობის მომსახურებით, რომლისთვისაც სატელიტური ინტერნეტი  არის ან მომავალში იქნება შედარებით ეფექტური ვარიანტი. მომხმარებელთა ეს ჯგუფი, როგორც ჩანს, მასიურად არასათანადოდაა შეფასებული. იგივე ხდება ბაზრის ზომასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ანალიტიკოსი პროგნოზირებს, რომ 2040 წლისათვის სატელიტური კავშირი 400 მლრდ აშშ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სატელიტს ინტერნეტის მიწოდება კერძო კლიენტების გარდა, გაცილებით დიდი წრისთვის შეუძლია. კერძოდ, მას შეუძლია ქსელური სერვისები მიაწოდოს IoT დივაისებს, მიწოდების ჯაჭვებს, სატრანსპორტო სისტემებს, ენერგოპროვაიდერებს, სახლიდან მომუშავეებს, განათლების სისტემასა და სხვა ისეთ სფეროებს, რომელსაც საიმედო, მდგრადი კავშირი სჭირდება. ალბათ შეამჩნევდით ბევრ თანხვედრას სატელიტური ინტერნეტის პოტენციურ ბაზრებსა და ტელეკომის 5G-ის მთავარ ბაზარს შორის, რომელიც ახლა იკრებს ძალებს. 

 

დარტყმა ტელეკომუნიკაციებისთვის მტკივნეულ ადგილას

ბევრი ტრადიციული სატელეკომუნიკაციო კომპანია ეყრდნობა მობილური ტრაფიკიდან მიღებულ შემოსავალს, როგორც მისი ბიზნესმოდელის ცენტრალურ საყრდენს. 5G-ის გამოჩენით შემოსავალი გაიზრდება. თუ ეს ასე არ იქნება, ტელეკომუნიკაციებს 5G-ის მომგებიანობაში ინვესტიცირება მოუწევთ. 

შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ახალი, პოტენციური კონკურენციის საპირწონედ არსებულ ბიზნეს სფეროებსაც იგივენაირად ეხება. მაგალითად,  SpaceX-მა მიმართა FCC-ს ავტორიზაციისთვის მისი ფართოზოლოვანი მომსახურების გავრცელებაზე თვითმფრინავებში, გემებსა და მოძრავ გადამზიდებზე

იგივე დინამიკა შეინიშნება ახალი ტექნოლოგიის მიმართ, რომელსაც სატელეკომუნიკაციო კომპანიები უყურებდნენ, როგორც შემოსავლის წყაროს თავისი 5G ქსელებისთვის: ეს არის თვითმართვადი ავტომობილები. 5G-ს შეუძლია თვითმართვადი ავტომობილები გახადოს უფრო ჭკვიანი და უსაფრთხო კომუნიკაციის მეშვეობით მანქანებსა და სხვა ტრაფიკ ინფრასტრუქტურას შორის. ერთი ფაქტორი, რომელიც ამ კონტექსტში 5G-ს უპირისპირდება ის არის, რომ ასეთი ფინანსური მოდელი შესაძლოა არ იყოს რეალისტური ადგილებში, სადაც არ არის მჭიდრო დასახლება (დასახლებები ქალაქგარეთ და ა.შ.). საჭიროა სატელიტური, ფართოზოლოვანი კავშირი, რომელსაც შეუძლია მოიცვას ყველა ტიპის დემოგრაფიული დასახლება და ამასთან, შეინარჩუნოს ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი მოდელი. უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები, როცა ავტომწარმოებელმა Geely-მ მიიღო თანხმობა სატელიტების დაჯგუფების მოწყობაზე თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალებებისთვის

ერთ-ერთი მთავარი მომენტი აქ ისაა, რომ სტარლინკის შექმნა და სწრაფი ზრდა ბადებს შეკითხვებს და აქვს პოტენციური გამაფხიზლებელი ეფექტი იმ თემებთან მიმართებაში, რომელზეც სატელეკომუნიკაციო კომპანიები არც კი დაფიქრდებოდნენ სულ რამდენიმე წლის წინ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რამდენს ნიშნავს ძნელად პროგნოზირებადი ახალი ტექნოლოგია, გაზრდილი კონკურენცია და ამასთანავე COVID 19-ისნაირი მაკრო-მოვლენები, რომელიც ძირეულად ცვლის ფინანსურ გეგმებსა და რისკების ლანდშაფტს სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის.

 

ჯერ ყველაფერი წინაა

ზემოთ წარმოდგენილი რისკების მაგალითები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ფართოზოლოვანი სატელიტის გამოყენებისას, მხოლოდ მიმოხილვაა. ეს არის სფერო, სადაც, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ბევრი საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. 

სატელიტური ოფერები გარკვეულწილად ჯერ ისევ შორსაა იმისგან, რომ კონკურენცია გაუწიოს იმ სიჩქარესა და შეფერხებების დაბალ მაჩვენებელს, რასაც განსაკუთრებით 5G გვპირდება. ამის მიუხედავად, ახალი გარღვევები ადასტურებს, რომ სატელიტები გადამხდელი კლიენტებისთვის მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფენ იაფ და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომას იმაზე სწრაფად, ვიდრე ველოდით. 

განსაკუთრებით პატარა და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის ჩნდება კითხვა, შეინარჩუნებს თუ არა ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა კონკურენტუნარიანობას იმდენ ხანს, რომ მათ ინვესტირება მოასწრონ აუცილებელი განვითარებისთვის. ერთი გადაწყვეტა, რომლის გამოყენებაც ზოგიერთმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ დაიწყო, ეს არის ძალთა გაერთიანება სატელიტური ინტერნეტის მომწოდებლებთან. ფინანსური ანალიტიკა და პროგნოზები აჩვენებს, რომ ინვესტიციის ხარჯები ინფრასტრუქტურაში (ფართოზოლოვანი კავშირი და 5G) მოშორებულ და ქალაქგარე ადგილებში აჭარბებს შედარებით შეზღუდულ შემოსავლებს და დაკავშირებულ მარეგულირებელ რისკებს, როგორიცაა ნებართვის მოპოვება მარეგულირებლების მხრიდან. 

გაურკვეველ საკითხებს შორისაა ასევე მთავრობების სავარაუდო რეაგირება სტარლინკზე. ტელეკომუნიკაციები და სიხშირის ზოლების მართვა ტრადიციულად მაღალი ხარისხით რეგულირდება, როგორც ნაციონალური, ისე რეგიონალური ბაზრების დონეზე. შეკითხვა ჩნდება თუ რა ბედი ეწევა მაგალითად სიხშირის ლიცენზიების ან ინფრასტრუქტურის ამორტიზაციას და ამგვარ თემებს. ხშირად ეს ლიცენზიები კომპანიებს შორის გადაყიდვის საგანი ხდება. თუ ახალი კონკურენტები სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ კონკურენტუნარიანი სერვისის შეთავაზებას ნებისმიერ ბაზარზე, ეს მასიურად შეცვლის ფინანსურ პროგნოზებს.  

სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის მოვლენების ამგვარ განვითარებას მივყავართ რისკ  სტრატეგიებისა და საპროგნოზო ტაქტიკების, ასევე ფინანსური გეგმების და ზრდის სტრატეგიების გადახედვამდე (მათ შორის შერწყმისა და შეძენის (M&A) და საინვესტიციო სტრატეგიის კუთხით), რასაც შეუძლია დაეხმაროს მათ ზოგიერთი ახალი რისკის შემცირებაში. 

ერთი მაგალითი იმისა, თუ თუ როგორ შეიძლება სატელეკომუნიკაციო კომპანიები გაუმკლავდნენ ამ ტიპის რისკებს ისაა, რომ სტარლინკი მალე გაზრდილი კონკურენციის პირისპირ აღმოჩნდება. რამდენიმე კომპანიამ ინვესტიციები ჩანო სატელიტურ ფართოზოლოვან შესაძლებლობებში, მათ შორისაა ერთობლივი ინვესტიცია Vodafone Group-ისა და Rakuten-ის მიერ AST & Science-ში - სატელიტურ კომპანიაში, რომელიც ტელეფონებს, რომლებიც მუშაობს 4G-სა და 5G-ზე, საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ დაბალ ორბიტალურ  სატელიტს. 

 

როგორ მოვიქცეთ რისკების ცვალებად გარემოში

ახალი კონკურენტების გამოჩენა, როგორც ცენტრალური რისკი უკვე გაჟღერდა სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ მსოფლიოს მასშტაბით, BDO-ს რისკების კვლევის უახლეს გამოცემაში. გამოკითხული კომპანიების 90.2%-ის მიერ გაზრდილი კონკურენცია უმთავრეს რისკად დასახელდა. იგივე რისკზე აშშ-ში კომპანიების 100% -მა მიუთითა. ორივე ნაწილში კონკურენცია ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან აღნიშნული იყო, როგორც მთავარი რისკ ფაქტორი. 

ყველა შემთხვევაში, ახალი ტექნოლოგიების ადაპტაცია დანახულ იქნა, როგორც იმ რისკების შემცირების გზა, რომელსაც აწყდებიან სატელეკომუნიკაციო კომპანიები. 5G-ს აქვს დიდი პოტენციალი და შეუძლია მაღალსიჩქარიანი კავშირის უზრუნველყოფა იმ სიხშირით, რომელსაც სატელიტები შეებრძოლებიან - ყოველ შეთხვევაში უახლოეს წლებში. არაფერი უშლის ხელს ინვესტირება გააკეთონ R&D ან M&A-ში, რათა გააფართოვონ 5G-ის გამოყენების არეალი. 

სხვა ინიციატივები და სტრატეგიები რისკების შესამცირებლად ასე გამოიყურება:

  • ინდუსტრიის ტრენდებისა და ბაზრის მოთამაშეების ანალიზი და შეფასება ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და გამოყენებისთვის 
  • შეთავაზებების ღირებულების მონიტორინგი, არსებული და მომავალი პოტენციური რისკების ჩათვლით, რომელიც იმოქმედებს მომსახურების გაყიდვის პოტენციალზე
  • განგრძობითი ინვესტიცია შიდა R&D-ში, სასურველია გამყარებული შერწყმა-შეძენით იმისთვის, რომ პროდუქტების პორტფელი მუდმივად ფართოვდებოდეს
  • კლიენტების ცვალებადი მოთხოვების და საჭიროებების დეტალური შესწავლა.

გარდა ამისა, სამომავლო დაგეგმვა და რისკების მართვის სცენარები შესაძლოა კარგი საშუალება იყოს, რომ შეამოწმოთ, მზად ხართ თუ არა სიახლისთვის. მიაქციეთ ყურადღება თუ საით მიდის ტექნოლოგია და ინდუსტრია. კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც შესაძლოა ზოგიერთმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ გამოიყენოს, სამუშაო გუნდის შექმნაა, რომელიც დააკვირდება და აკონტროლებს მიმდინარე წინადადებების და ბაზრის მოლოდინების შესაბამისობას და დაგეგმავს ინოვაციურ პროექტებს.

BDO კონსულტაციას უწევს სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესის  ყველა ასპექტში, მათ შორის რისკების შემცირების, ბიზნესის სტრატეგიის, გადასახადების, აუდიტის, ფინანსური დაგეგმვის, პროგნოზირებისა და სხვა მიმართულებით. მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.