This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • თანამშრომელთა როლი ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაში
ბლოგი:

ამბავი იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს თანამშრომლების ციფრული ალღო და კულტურა კომპანიის წარმატებაზე

05 აგვისტო 2021

კონტრიბუტორი: ანი ცაბაძე / ბრენდის და PR განყოფილება |

თანამედროვე, ციფრული სამყაროს გავლენით ყოველდღიურად იცვლება ბიზნეს გარემო და სხვადასხვა ინდუსტრია თუ ცალკეული კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს ამ განვითარებას. თუ აქამდე არსებობდა არჩევანი ძველი გეზით გზის გაგრძელებასა და ახალი ნიადაგის მოსინჯვას შორის, დღეს სიახლეების მიმღებლობას და ციფრულ ტრანსფორმაციას ალტერნატივა არ აქვს. ბევრისთვის ეს მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასთან ასოცირდება, თუმცა დიჯიტალიზაცია საკუთარ თავში გაცილებით მეტს მოიაზრებს, დაწყებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილებებით, დამთავრებული შესაბამისი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებით და ადამიანის ციფრული აზროვნების განვითარებით. შეიძლება ითქვას, რომ IT ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები ბევრ ცვლადიანი განტოლების მხოლოდ ერთი ნაწილია.

ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანამშრომლებზე, მათ მიდგომაზე ბიზნეს ამოცანების მიმართ და იმაზე, თუ სად ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს. თითქოს თაობები ისე ვითარდება, რომ ისინი ავტომატურად ერგებიან თანამედროვე, მუდმივად ცვალებად გარემოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ციფრულ სამყაროში ესეც არაა საკმარისი. თუ X თაობისთვის მთავარი კითხვა იყო „რა უნდა გავაკეთოთ“, მილენიალები სვამენ კითხვას „რატომ“, ციფრულ გარემოში კი ორივე კითხვამ შემდეგ საფეხურზე გადაინაცვლა და მთავარი ამოსავალი გახდა „როგორ“ – როგორ გავაკეთოთ... სწორედ ამიტომ, კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ტექნოლოგიების დანერგვა და ორგანიზაციული კულტურა თანაბარ ყურადღებას მოითხოვს ლიდერებისგან, რადგან კონკრეტულ ჩარჩოებში მოაზროვნე პერსონალმა შესაძლოა შეანელოს ან აბსოლუტურად გააჩეროს ბიზნესის გარდაქმნა.

დიჯიტალიზაციის პროცესში, კომპანიების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს თანამშრომლებს ახალი, ციფრული უნარების განვითარებაში, წაახალისოს გუნდის ინოვაციური ხედვები და ინიციატივა. ზუსტად ესაა ამოსავალი წერტილი იმისთვის, რომ ორგანიზაცია საკუთარ ხალხს დაეხმაროს ციფრული ხედვის ჩამოყალიბებაში და მიიღოს საპასუხო სარგებელი წარმატებული ტრანსფორმაციის სახით.  

საინტერესოა, კონკრეტულად რა შედეგამდე მივყავართ გაციფრულებაზე ორიენტირებულ კორპორატიულ კულტურას, რას მოგვიტანს თანამშრომელთა ციფრული ხედვა, აზროვნება და უნარები.

პირველ რიგში, ეს არის პროდუქტიულობის აქსელერატორი. თანამშრომლები მუდმივად ეძებენ პრობლემის ტექნოლოგიურ გადაჭრის გზებს და ორიენტირებულები არიან დანერგონ ინოვაციები, რაც გაცილებით ეფექტურს ხდის როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალური მუშაობის პროცესს. თუ ამ შემთხვევაში ტექნოლოგიებს ოპერაციული მნიშვნელობა აქვს, გუნდის ხედვა და ციფრული ალღო ნამდვილად სტრატეგიულია და გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიისთვის მნიშვნელოვანი რესურსების დაზოგვასა და პროდუქტიულობის გაზრდას ნიშნავს.

გარდა ამისა, ციფრული კულტურის გავლენით თანამშრომლები არიან შედეგებზე ორიენტირებული. მათ ზუსტად იციან მიზანი და ეძებენ ყველა საჭირო გზას იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. მათი ამოცანაა ყოველთვის ერთი ნაბიჯით გაუსწრონ ბაზარს, გამოსცადონ და დანერგონ ის სიახლეები, რომელიც ჯერ კიდევ ბევრისთვის რთული აღსაქმელია და ასე ეხმარებიან ორგანიზაციას კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში. 21-ე საუკუნეში კი ინოვაციურობა და გამბედაობა სწორედ ისაა, რაც კომპანიას ბაზრის ლიდერად აქცევს.

ორგანიზაციული კულტურის ამ ფორმით გარდაქმნისთვის, კომპანიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ 5 ძირითად ფაქტორზე:  

  • უზრუნველყონ ინფორმაციის გამჭვირვალობა თანამშრომლებში - რა გავლენა ექნება დიჯიტალიზაციას კომპანიის შემოსავლებზე, მომგებიანობასა და პროდუქტიულობაზე
  • წაახალისონ გუნდური მუშაობა და კოლაბორაცია, რაც გულისხმობს დეპარტამენტებს შორის მჭიდრო თანამშრმლობას, ერთობლივ მსჯელობას, იდეებისა და ცოდნის გაზიარებას
  • დაგეგმონ შესაბამისი ტრენინგები და გუნდის ყველა წევრს მისცენ შესაძლებლობა მარტივად ადაპტირდნენ ახალ ტექნოლოგიებთან
  • გახდნენ მეტად რისკ-მიმღებნი, რადგან სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოს სწრაფადვე სჭირდება მოქმედება. სწორედ ინოვატორები და early-adopter-ები იღებენ მეტ შესაძლებლობას მეტი რისკის ფასად
  • წაახალისონ ინოვაციები და ახალი იდეები - კომპანიის ლიდერებმა უნდა შეძლონ ყველა მოსაზრებისა და იდეის მიღება და განხილვა. ერთი შეხედვით არც თუ ისე პერსპექტიული იდეა შესაძლოა კომპანიის წარმატების გასაღებად იქცეს.

ციფრულმა რევოლუციამ აბსოლუტური გარდაქმნა მოახდინა ბიზნესის ოპერირების პროცესში. შეიცვალა როგორც დამსაქმებელთა მოთხოვნები, ასევე ტალანტების ხედვა მათთვის სასურველი სამუშაო გარემოს მიმართ. ტექნოლოგიების ცოდნასთან ერთად, აუცილებელია, თითოეულ თანამშრომელს გააზრებული ჰქონდეს კიბერ უსაფრთხოების, მონაცემთა დაგროვების და გამოყენების მნიშვნელობა და კარგად იცნობდეს კიბერ ჰიგიენის წესებს. BDO-ს ცალსახა მიდგომაა, შევუქმნათ სწორი გარემო ჩვენს ხალხს იმისთვის, რომ ისწავლონ და იკვლიონ მეტი, იაზროვნონ ინოვაციურად და გამოიმუშაონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი როცა საქმე ეხება რეალური ღირებულების შექმნას დამკვეთისთვის. იმის განსაზღვრა პროფესიონალის მიერ, თუ როდის და როგორ არის ტექნოლოგია უშუალო პასუხი ბიზნესის პრობლემაზე არის სწორედ DQ vs IQ, სწორება მომავლისთვის რელევანტური კოლაბორაციისკენ.

იმის გასარკვევად, რამდენად მზადაა ბიზნესი ციფრული სიმწიფის თვალსაზრისით და რა ოპტიმალური ნაბიჯები შეიძლება გადადგას ამისთვის - დაელოდეთ საინტერესო სიახლეებს BDO-სგან მალე.