This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • მდგრადობა, როგორც უპირატსეობა: ESG-ის დანერგვის ბიზნეს სარგებელი (ENG)
პუბლიკაცია:

მდგრადობა, როგორც უპირატსეობა: ESG-ის დანერგვის ბიზნეს სარგებელი

21 აპრილი 2022

Original content provided by BDO USA

დღეს კორპორატიული მდგრადობა ეფუძნება შეგნებულ და კეთილსინდისიერ მიდგომას კაპიტალიზმის, როგორც სისტემის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ სამყაროში შექმნილი ფასეულობა უნდა მისწვდეს და შეეხოს ყველა დაინტერესებულ მხარეს და ასე შეუწყოს ხელი კიდევ უფრო მეტის შექმნას გრძელვადიან პერსპექტივაში.  მდგრადობის სტრატეგიული მნიშვნელობის წამოწევა და გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის (ESG) ფაქტორების ინტეგრაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანაბრად უკავშირდება როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების მოთხოვნებს და სურვილს, დადებითი გავლენა იქონიონ სამყაროზე. 

ჩვენი გლობალური საზოგადოების ურთიერთდაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა საერთო პასუხისმგებლობაა. თუ საკითხს ასე მივუდგებით, შევძლებთ, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ ეკოლოგიური, სოციალური თემების და ბიზნესის მომგებიანობის თვალსაზრისით. ფაქტები გვიჩვენებს, რომ თუ ESG-ის ინტეგრაცია კომპანიის ბიზნესსტრატეგიის ნაწილი საფუძველშივე გახდება, ეს განაპირობებს ორგანიზაციის მეტ მდგრადობას და ეხმარებას მას ცვლილებებთან ეფექტურ ადაპტაციაში. როცა ბიზნესი ESG-ის გათვალისწინებით იმართება, ეს ნიშნავს რომ მას გრძელვადიანი ფასეულობის შექმნის სურვილი და უნარი აქვს. მდგრადობის მიმართ სწორი დამოკიდებულება და გულისხმიერი მისია ბიზნესს საბოლოო ჯამში წარმატებისკენ წაიყვანს.

 

ნახეთ, როგორ ქმნის გრძელვადიან  ფასეულობას ბიზნესისთვის ESG

 

1. ტალანტების მოზიდვა და თანამშრომლების ლოიალობის ზრდა

ადამიანებს სურთ იმუშაონ ისეთ ორგანიზაციებში, რომელთა ფასეულობებიც მათ პირად ღირებულებებს ემთხვევა. კარიერული გადაწყვეტილებები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად სწორედ ფასეულობებს ეფუძნება. პანდემიის პერიოდში დასაქმებულების შეხედულებებმა ბევრ რამესთან, განსაკუთრებით კი სამსახურთან მიმართებაში სახე იცვალა - ახლა ადამიანები მიზანს, მისიას აყენებენ წინა პლანზე. ვინაიდან ტალანტებისთვის ბრძოლა პიკს აღწევს, სავარაუდოა, რომ კომპანიები ძლიერი ESG პროფილით დიდ წარმატებას მიაღწევენ პერსონალის შერჩევასა და შენარჩუნებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.  დაახლოებით 6 დასაქმებული 10-დან (58%) ითვალისწინებს კომპანიის სოციალურ და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობებს, როცა იღებს გადაწყვეტილებას, სად იმუშაოს. Forbes-ის 2021 წლის კვლევის თანახმად -100 საუკეთესო კომპანია დასაქმებისთვის  ფართო და მრავალმხრივი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების თანამშრომლები 15.6-ჯერ უფრო ხშირად ამბობდნენ, რომ მათი კომპანია საუკეთესოა დასაქმებისთვის.  

როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში: კომპანიის მისია ESG-ს ორგანული ნაწილია. ეს არის ის, რისთვისაც არსებობს თქვენი ბიზნესი და თუ გინდათ, რომ ეს "რისთვის" გამორჩეული იყოს, თქვენი საქმიანობის შედეგები და გავლენა უნდა გასცდეს მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის საზღვრებს. მისია, რომელსაც დაისახავთ, უნდა გახდეს თქვენი კულტურის, ბიზნესის სტრატეგიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი.  იმისთვის, რომ მისია პრაქტიკულად სრულდებოდეს, იცხოვრეთ და იხელმძღვანელეთ მისით. ისაუბრეთ ამაზე, წაახალისეთ თანამშრომლების რეგულარული ჩართულობა და დაისახეთ გაზომვადი მიზნები, რომელთა შესახებ ყოველთვის მოისმენთ თანამშრომლების უკუკავშირს შემდგომი ნაბიჯების სწორად დაგეგმვისთვის.

 

2. კლიენტების ლოიალობის ზრდა და ბრენდის რეპუტაციის დაცვა 

კლიენტების მხარდაჭერა იმაში გამოიხატება, რამდენის გადახდისთვისაა მზად სერვისში და პროდუქტში. კვლევები კი აჩვენებს, რომ ისინი მდგრადი ბიზნესის მიმართ გაცილებით კეთილგანწყობილნი არიან. 2021 წელს Champan & Co. Leadership Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელი მომხმარებლების 60% მიიჩნევს, რომ ბრენდის ფასეულობები (მისი მიდგომა მრავალფეროვნების მიმართ და დადებითი კორპორატიული კულტურა) გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე ყიდვის დროს. ამერიკელების 64% ასევე ამბობს, რომ მზად არის გადაიხადოს ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად პროდუქტში, ხოლო ამერიკელებისა და ბრიტანელების 62% აცხადებს, რომ შეუერთდებოდა ლოიალობის პროგრამებს, თუკი ეცოდინებოდა, რომ ამით იმ სოციალურ თემებს დაეხმარებოდა, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. 

როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში: ახალი კლიენტების მოსაზიდად და არსებულის შესანარჩუნებლად, კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ არმხოლოდ კლიენტების საჭიროება, არამედ მათი ფასეულობები. სერვისები, პროდუქტები და კლიენტის შეთავაზებები მოიყვანეთ შესაბამისობაში კომპანიის ESG პრიორიტეტებთან და დარწმუნდით, რომ ESG ითვალისწინებს და გამოხატავს იმ პრობლემებს, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს თქვენს კლიენტებს. 

 

3. მეტი შემოსავალი აქციონერებისათვის 

ყველაზე მახვილგონიერმა ინვესტორებმა კარგად იციან, რომ სარგებელი გრძელვადიან თამაშს მოაქვს. მოკლევადიან შემოსავლის მიღების  მიზნებს, რასაც ეკოლოგიური ან სოციალური ზიანი მოაქვს, ან მიიღწევა სამომავლო ზრდაში ინვესტირების შესაძლებლობის ხარჯზე, დროთა განმავლობაში წარმადობის შემცირებისკენ მივყავართ. აქციონერების ეკონომიკურ ინტერესებს უკეთ პასუხობს ESG თემების მიმართ პასუხისმგებლობა  და გრძელვადიანი ხედვა ფასეულობის შექმნაზე, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ინტერესებს.  ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევის თანახმად, რომელმაც 2000 კომპანია შეისწავლა 21-ზე მეტი წლის განმავლობაში, ფირმებმა, რომლებმაც გააუმჯობესეს თავიანთი მაჩვენებლები ESG-ის მიმრთულებით, აჯობეს თავის კონკურენტებს. საშუალოდ, ძლიერი ESG პროფილის მქონე საჯარო კომპანიები საფონდო ბაზარზე მაღალ შემოსავლებს აფიქსირებენ და დაბალი მერყეობითაც ხასიათდებიან. Rockefeller Asset Management-ის კვლევის თანახმად, ESG-ის "ჩემპიონებს" - ფირმებს, რომლებიც აუმჯობესებენ შედეგებს ამ მიმართულებით, აქვთ მეტი პოტენციალი ისეთი შემოსავლის მისაღებად, რომელიც არ არის კორელაციაში დანარჩენ ბაზართან გრძელვადიან პერსპექტივაში. 

როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში: გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების უფრო ფართო სპექტრის საჭიროებას, დიდი ალბათობით, გამოიწვევს აქციონერების უფრო მაღალ, გრძელვადიან შემოსავლიანობას. ამასთან, როცა სტრატეგიას მოკლევადიანიდან მდგრად შემოსავალზე მიმართავთ, ჩაერთეთ აქციონერებთან პროაქტიულ დიალოგში  ESG-ის უპირატესობების და შესაბამისი პასუხისმგებლობების, მნიშვნელოვანი აქტივოებების და ანგარიშგების შესახებ. ძალისხმევის მეტი გამჭვირვალობისათვის, შეიმუშავეთ და წარადგინეთ ESG-ის მაჩვენებლები დადგენილი საანგარიშგებო სისტემის შესაბამისად. გაითვალისწინეთ, რომ ESG-ს არსებული რისკები ან შეცდომები შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან წინააღმდეგობად ინვესტორების მხარდაჭერის მიღების ან შენარჩუნების დროს. 

 

4. მომგებიანობის ზრდა

როცა კომპანიები მოკლევადიანი შემოსავალის მიღებაზე აღარ ფოკუსირდებიან, მომგებიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში რეალურად იზრდება. მდგრად წყაროებზე გადასვლისას, ინვესტირების დროს კვლევასა და შემუშავებაში, ან სამუშაოს ანაზღაურების მატებისას, შესაძლოა მცირე ხნით წარმოიქმნას გაზრდილი ხარჯები, რომელიც კომპენსირდება სარგებლით, რისი მოტანაც ამ ყველფერს საბოლოო ჯამში შეუძლია. Institutional Shareholder Services-ის კვლევა ადასტურებს კორელაციას ძლიერ ESG პრაქტიკასა და მოგების მაღალ მარჟებს შორის. კვლევა აჩვენებს, რომ კარგი ESG შედეგების კომპანიები მეტს ხარჯავენ კვლევასა და დეველოპმენტში, თუმცა ნაკლები კაპიტალური დანახარჯები აქვთ. როგორ?  ESG-ს დანერგვას შეუძლია ხარჯების დაზოგვა რესურსების უფრო ეფექტური გამოიყენების, ზედნადები ხარჯების და ნარჩენების შემცირების გზით.   

როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში: გააანალიზეთ თქვენი ოპერაციები და განსაზღვრეთ რესურსების, წყლისა და ენერგიის გამოყენების შემცირების, ასევე  საშიში ნარჩენების მოცილების, არააუცილებელი მოგზაურობისა და ადგილზე მონაცემთა შენახვის ოპტიმიზაციის შესაძლებლობები. იმუშავეთ თქვენს ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული ყველა მხარესთან, რომ შეაფასოთ თუ სად დგას კრიტიკული საკითხები და სად შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა, რომ იფიქროთ ახალ პროდუქტებსა და მომსახურებებზე ESG-ის მიმართულებით, ასევე რომელ არსებულ პროდუქტებსა და მომსახურებებშია შესაძლებელი ESG ასპექტების ინტეგრირება. მაგალითად, ბევრი კომპანია ცვლის თავის პროდუქტებსა და შესაბამის შეფუთვას, რათა შესაძლებელი გახდეს მათი მეორადი გადამუშავება და გამოყენება. 

 

5. რისკების შემცირება და მეტი მოქნილობა 

დავიწყოთ იმით, რომ კომპანიები ESG-ის ძლიერი პრაქტიკით არამხოლოდ უფრო გამძლენი არიან რთულ სიტუაციაში, ისინი საერთოდაც ნაკლებად დგებიან მნიშვნელოვანი/არსებითი პრობლემების წინაშე. ESG-სთან დაკავშირებული საფრთხეების პროაქტიული გამოვლენითა და დროული მუშაობით, ბიზნესებს შეუძლიათ შეამცირონ კონკრეტულ პერიოდში ინციდენტების რაოდენობა. Wharton-ის კვლევის თანახმად, ESG-ის ძლიერ ინტეგრატორებს აქვთ თაღლითობის, სასამართლო დავების, კლიენტების დაკარგვისა და შემოსავლის შემცირების ნაკლები მაჩვენებელი. მეორე მხრივ კი, კომპანიები, რომლებიც არ აკონტროლებენ ESG-სთან დაკავშირებულ რისკებს, დიდად სავარაუდოა რომ ფინანსური და ოპერაციული მაჩვენებლების შემცირების წინაშე აღმოჩნდნენ დროთა განმავლობაში იმის მიუხედავად, განიცდიან თუ არა ბიზნეს ან რეპუტაციულ კრიზისს.  ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ალტერნატიული დანახარჯები კონკურენტული გარემოსა და ბაზრის აღქმის თვალსაზრისით. Bank of America Merrill Lynch-ის კვლევის თანახმად, ESG-ის უფრო ეფექტურ სტრატეგიებს შეეძლო 90%-მდე შეემცირებინა გაკოტრების მაჩვენებელი S&P 500-ს (Standard & Poor’s 500 ინდიკატორი) შორის 2005-2015 წლებში.  

როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში: ჩაატარეთ არსებითობის ანალიზი და შეიმუშავეთ სტრატეგიები და ნაბიჯები თქვენი კომპანიისთვის პრიორიტეტული ESG რისკების გასანეიტრალებლად. ყველა კომპანიის პრიორიტეტები უნიკალურია და ეფუძნება სპეციფიური ESG თემების დადებით და/ან უარყოფით ზემოქმედებას თქვენს ბიზნესსა და დაინტერესებულ მხარეთა ეკოსისტემაზე. არსებითობის ანალიზი საუკეთესო მექანიზმია დაინტერესებული მხარეებისგან ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. ეს უკუკავშირი და ასევე ESG საკითხების პოტენციური ზეგავლენის შეფასება კრიტიკულია იმის გასარკვევად, თუ სად იკვეთება კონკრეტული სტრატეგიული თემები. 

 

კომპანიებს, რომლებსაც არჩეული აქვთ ბიზნესის მდგრადი განვითარება და ESG-ს ნერგავენ კორპორატიულ სტრატეგიასა და ოპერაციებში, აკეთებენ უკეთეს ბიზნესს, პირდაპირი მნიშვნელობით: უკეთ მომზადებულს, უკეთესი შედეგებით, უკეთესი ზემოქმედებით გარემოსა და სამყაროზე, უკეთესი ფასეულობის შემქმნელს დაინტერესებული მხარეებისა და საკუთარი თავისთვის.

 

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია