This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი
სტატია:

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი

04 აპრილი 2022

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის’’ BDO-სთან პარტნიორობით, დაიწყო. პროექტის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაა, რისთვისაც მცირე მეწარმე ქალები BDO-ს მიერ გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებით.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2001 წლიდან მუშაობს პოლიტიკის კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და ფართო საზოგადოების დონეზე, რათა მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს ქალთა გენდერული თანასწორობის თუ ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. პროექტში ასევე აქტიურად ჩართულია ფონდი „ტასო“, რომელიც ეროვნულ ქალთა ფონდია და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომლის მიზანიც პროექტის ფარგლებში ქალი ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

პროექტის ხანგრძლივობა წელიწად ნახევარია, რომლის განმავლობაშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან შერჩეული 200 მცირე მეწარმე ქალის გადამზადებაზე BDO-ს გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები იზრუნებენ, ბიზნესის განვითარებისა და სხვადასხვა მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, BDO Academy-ის და BDO საკონსულტაციო მიმართულების მიერ დაგეგმილი ტრენინგები, მათ საშუალებას მისცემს დახვეწონ ბიზნეს იდეები, ჰქონდეთ სწორი ხედვა და გეგმა თუ როგორ გარდაქმნან ისინი წარმატებულ ბიზნესად. პროექტის დასასრულს თითოეულ მონაწილეს შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია ექნება, რათა დამოუკიდებლად შეძლონ  ბიზნეს გეგმის შექმნა და შემდგომ მისი პრაქტიკული განხორციელება.

„პროექტი დაყოფილია სამ ეტაპად, პირველ ეტაპზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ფერმერთა ასოციაციისა და „ტასო“ ფონდის აქტიური ჩართულობით შეარჩია მონაწილეები და შედგა გაცნობითი სახის შეხვედრები. უკვე დავიწყეთ პროექტის შემდეგი ეტაპი, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო სესიებსა და ტრენინგებს შემდეგ თემებზე: იდეის ბიზნეს გეგმად გარდაქმნა; ბიზნეს გეგმის დამუშავება; ფინანსური და საგადასახადო საკითხები; ბრენდინგი და მარკეტინგი; გაყიდვების ტექნიკები და ა.შ. მესამე ეტაპზე უკვე თითოეულ მონაწილეს ჩაუტარდება პერსონალური ქოუჩინგი, რაც დაეხმარებათ სრულყოფაში მოიყვანონ ბიზნეს გეგმის თითოეული ნაწილი. ამასთან, ტრენერები გასცემენ საბოლოო რეკომენდაციებს და მონაწილეებთან ერთად შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოებს.’’ - პროექტის შესახებ საუბრობს, მაია ხაჩიძე, BDO-ს პარტნიორი.

BDO-ს მისიაა ცოდნითა და გამოცდილებით შექმნას კეთილდღეობა საზოგადოებისთვის, მოცემული პროექტი კი, შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ მცირე მეწარმე ქალებს, მათი ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.