This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • აირჩიეთ ენა: KA EN 
  • საკანონმდებლო მაცნე / ივნისი 2021 no.3

საკანონმდებლო მაცნე / ივნისი 2021 no.3

ავტორი: მარიამ ხუსკივაძე / მენეჯერი, საგადასახადო მიმართულება

 

ცვლილება ბრძანებაში

არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი

2021 წლის 29 აპრილს  გამოიცა შემოსავლების სამსახურის უფროსის №13617  ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში  გადასახადის  გადამხდელისათვის  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო  დოკუმენტების  გამოწერის/დადასტურების  უფლების  შეზღუდვის  შესახებ“. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა  “დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 იანვრის №107 ბრძანება.

მიღებული ბრძანების თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ენიჭება:

  • დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებულ პირს, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად
  • კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია. ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია.

დამატებით განიმარტა, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ენიჭება პირს რომელსაც:

  • შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი (აღნიშნული ჩანაწერი ძალაშია 2021 წლის პირველი მაისიდან)
  • კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი გააჩნია და რომელსაც საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება აღიარებული აქვს.

აღნიშნული ბრძანების თანახმად:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდვა აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, რაც გულისხმობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ასევე ნსაფ-ის და საგადასახადო დოკუმენტის) როგორც გამოწერის, ასევე დადასტურების უფლების ჩამორთმევას
  • არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

ბრძანების თანახმად დამატებით განიმარტა, რომ იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პროგრამულად განხორციელდება ზემოაღნიშნულ პერიოდში/პერიოდებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა. აღნიშნულ შემთხვევაში  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს, მიეცემა საშუალება მოახდინოს, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა (აღნიშნული ჩანაწერი ძალაში შევა შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შექმნისთანავე).

ბრძანება ძალაშია 2021 წლის 22 მაისიდან.

 

მეთოდური მითითება

ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი

2021 წლის 18 მაისს შემოსავლების სამსახურმა დაამტკიცა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშების შესახებ მეთოდური მითითება.

მეთოდური მითითებით დამტკიცებულია გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის წესი, იმ შემთხვევებში, როდესაც:

  • ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში გაასხვისა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
  • ლიცენზიის მფლობელმა საანგარიშო წლის განმავლობაში დააკორექტირა სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით)
  • პირი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან
  • ლიცენზიაზე არ იძებნება დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

 

საქართველოს მთავრობის ინიციატივა

საგადასახადო შეთანხმება

2021 წლის მაისის თვეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 2021 წლის 31 დეკემბრამდე  განახორციელოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ბიუჯეტში გადახდა.

ამასთან, სანქციების შემცირება ხორციელდება ძირითადი გადასახადის სრულად გადახდის პირობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.

მთავრობის ინიციატივა შეეხება ყველა გადასახადის გადამხდელს, მათ შორის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროსა და  სასამართლოს სისტემაში.

საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge საშუალებით და მათი დაკმაყოფილება ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება.