This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

05 აგვისტო 2021

BDO საქართველო განაგრძობს მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას კომპანიის ბიზნეს მოდელში და უერთდება გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN Global Compact, UNGC).

ამ ნაბიჯით ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის არეებში და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „მდგრადი განვითარების თემები დიდი ხანია საფუძვლად უდევს ჩვენი, როგორც ორგანიზაციის ძირეულ გადაწყვეტილებებს. რეალურად, UNGC-ის წევრობა BDO-ს 21 წლიანი უცვლელი მისიის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. საზოგადოებისთვის კეთილდღეობის შექმნის სურვილი და უნარი ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გავამყარეთ. ვფიქრობ, რომ იმის გააზრება ბიზნესისთვის, თუ რამხელა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კუთხით დიდწილად განსაზღვრავს ჩვენივე მომავალს, რომელიც თუკი გვინდა, რომ ღირსეული გვქონდეს, სერიოზულ ცვლილებებს და გადაფასებებს მოითხოვს დამოკიდებულებების თვალსაზრისით. მასშტაბურად, მდგრადი მომავლის თემებთან შეჭიდება მხოლოდ კომპეტენტური მოთამაშეების ძლიერი ქსელის მხარდაჭერით მესახება რეალისტურად. UNGC-ი კი საამისოდ მძლავრი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი წვლილი შევიტანოთ თემის სწორ, თანმიმდევრულ განვითარებაში გლობალურ დონეზე.“

UN Global Compact-ი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ინიციატივაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი კორპორატიული მმართველობით საქმიანობას წარმართავენ ეკოლოგიური გარემოს დაცვის და განვითარების, ეკონომიკის და საზოგადოების გაძლიერების მიზნების გათვალისწინებით. მსჯელობას, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლას შეთანხების წევრებს შორის შეუძლია რეალური ცვლილებების დაძვრა უკეთესი მომავლისკენ.

გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობით BDO შეუერთდა იმ კომპანიების რიგებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ გააზრებულ პასუხისმგებლობას, დანერგონ მდგრადობის უნივერსალური 10 პრინციპი და გადადგან ქმედით ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის შესრულებისკენ.

ჩვენ ვაღიარებთ ამ ურთიერთდამოკიდებული მიზნების მნიშვნელობას და ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპზე მათგან 8 მიზნის მიმართულებით შეგვიძლია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და წარმოვადგინოთ ანგარიში შედეგების შესახებ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს რვა მიმართულება უკვე ინტეგრირებულია ჩვენს საქმიანობასა და მიდგომებში და ექვემდებარება გაზომვას და მონიტორინგს იმისათვის, რომ დაპირებები ყოველთვის შესრულდეს. 

მდგრადი განვითარების მიზნები, რომელთა მიმართულებითაც BDO იღებს პასუხისმგებლობას, შემდეგია:

SDG 1: სიღარიბის აღმოფხვრა

SDG 2: შიმშილის აღმოფხვრა

SDG 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა

SDG 4: ხარისხიანი განათლება

SDG 5: გენდერული თანასწორობა

SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

SDG 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება

SDG 15: დედამიწის ეკოსისტებები

 

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას გაეროს მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების შესრულებაზე, BDO ასევე პროფესიონალურ მხარდაჭერას სთავაზობს ბიზნესებს, რომელთაც სურთ დანერგონ და თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახადონ მდგრადი განვითარება.

ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს დახმარებას, მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ გაეროს მიზნებთან შესაბამისობა. ამ კომპლექსური პროცესის ფარგლებში BDO დაეხმარება დაინტერესებულ  კომპანიებს  განვითარების მიზნების მაჩვენებელთა სისტემის შემუშავებაში, რომ შესაძლებელი გახდეს პროგრესის გაზომვა და ასევე, ინტეგრირებული რეპორტინგის დანერგვაში, რათა კომპანიებმა შეძლონ წარუდგინონ საზოგადოებას ანგარიში მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.