This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO-ს მხარდაჭერით ბარისახოში ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

21 ივნისი 2021

19 ივნისს სოფელ ბარისახოში, „მთის ამბების“ ორგანიზებით, ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ხევსურეთისა და ფშავის სოფლებს მოემსახურება. იქვე განთავსდა ეკოტურისტული განვითარების ცენტრი, რომელიც დაცლის პირას მყოფი სოფლების გაცოცხლების და ადგილობრივი თემის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე იმუშავებს. საგანმანათლებლო ცენტრში მოწყობილი ბიბლიოთეკით, ტრენინგებისა და სადისკუსიო სივრცით, ასევე მობილური კინოკლუბით ხევსურეთისა და ფშავის 50-მდე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ისარგებლებენ.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის განათლების ხელშეწყობა და განსაკუთრებით ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც აქვს ამის საჭიროება, თუმცა აქვს ნაკლები ხელმისაწვდომობა. ამ მიმართულებით BDO წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია არა ერთი კონკრეტული სოფლის მაცხოვრებლების ხელმისაწვდომობაზე ახალ ინფორმაციასა და განათლებასთან, არამედ ცენტრი ემსახურება მთლიან რეგიონს. შესაძლებელია ადამიანი მოვიდეს და წაიკითხოს წიგნი, გაეცნოს რაიმე სიახლეს, ხალხმა ერთმანეთთან დაამყაროს კომუნიკაცია, მიიღოს ინფორმაცია თუ როგორ განახორციელონ სხვადასხვა პროექტები, როგორ განავითარონ საკუთარი იდეები და მიიღონ თანამედროვე ცოდნა. თუკი საქართველოში ბევრი ასეთი ცენტრი გვექნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ხალხის დამაგრებას ადგილზე, შექმნის მიზიდულობის ცენტრს სხვებისთვისაც, ადგილზე შეიქმნება ეკონომიკური აქტივობა, ხალხს გაუჩნდება შემოსავლის მიღების წყარო და გაცილებით გაუადვილდება ცხოვრება. არ შეიძლება ზოგადად ვიყოთ იმის იმედზე, რომ სახელმწიფო დააფინანსებს ყველაფერს, ვინაიდან სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ მდიდარ სახელმწიფოში და ჯერ-კიდევ ძალიან ბევრი რამ სჭირდება ამ ქვეყანას. ამიტომ ასეთი ინიციატივები, როცა ორი-სამი ორგანიზაცია შეიძლება დამეგობრდეს და რაღაც სასარგებლო გააკეთოს, ისეთი, რომელიც დარჩება ხალხს  აუცილებელია და ბევრმა კომპანიამ უნდა გადაიღოს ამის მაგალითი“.

BDO-სა და „მთის ამბების“ მეგობრობა 2018 წლის ბოლოს დაიწყო, დაიგეგმა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები მოზარდებისთვის არსებული რეალობის შეცვლას, დამატებითი შესაძლებლობების შექმნას უკეთესი განათლებისთვის და იმ რესურსებთან ხელმისაწვდომობას, რაც თანამედროვე მოზარდების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. COVID პანდემიის გამო ცენტრის გახსნა მხოლოდ ახლა მოხერხდა.

BDO-სთან ერთად საგანმანათლებლო და ეკოტურისტული ცენტრის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია და ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია.