This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

BDO საქართველოს მდგრადობის სტრატეგია - კომპანია 2020 წლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს

25 მარტი 2021

გლობალური პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების პირობებში, მკაფიოდ განსაზღვრულ სტრატეგიასა და ფასეულობებზე დაყრდნობით, BDO-მ საქართველოში 2020 წელი მთლიანი შემოსავლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლით და გაზრდილი გუნდით დაასრულა.
 
19.5 მლნ ლარი ჯამური შემოსავალი და 7.6%-იანი ზრდა 2019-თან შედარებით ნიშნავს, რომ კომპანიამ შეძლო დროული და ეფექტური რეაგირება მასშტაბურ გამოწვევაზე. ამით შეინარჩუნა განვითარების სასურველი რიტმი და კრიზისის პირობებში მაქსიმალური ძალისხმევა მიმართა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან არეებზე: გააძლიერა თანამშრომლებზე, მათ განვითარებაზე ზრუნვა და მოიზიდა ახალი ტალანტები, გააგრძელა ინვესტირება ტექნოლოგიებში და განსაკუთრებულ ფოკუსში მოაქცია ბიზნეს ეთიკა და პასუხისმგებლობა კლიენტებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით.
 
მნიშვნელოვანი  ასპექტები:
  • 19.5 მლნ ლარი ჯამური შემოსავალი და 7.6%-იანი ზრდა 2019-თან შედარებით BDO-ს ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია
  • BDO Digital - ტექნოლოგიური სერვისების გაერთიანება ახალი ბრენდის ქვეშ და სრულყოფილი მხარდაჭერა ბიზნესისთვის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე
  • BDO-ს Rethink-ის კონცეფცია, რომელიც ეხმარება როგორც BDO-ს ფირმებს, ისე ჩვენს კლიენტებს, გაუმკლავდნენ კრიზისს და მიაღწიონ წარმატებას ახალ რეალობაში
  • თანამშრომლების რაოდენობის ზრდა COVID-19-ის მიუხედავად - ადამიანებზე, ურთიერთობებსა და ზრუნვაზე დაფუძნებული უნიკალური კულტურა BDO-ს უცვლელი ფასეულობაა
აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება ტრადიციულად BDO-ს უმსხვილესი სერვისია, რომლის ხვედრითმა წილმა შემოსავალში 30% შეადგინა. ასევე გაიზარდა არამარწმუნებელი მომსახურებების ჯამური პორტფელი, რომელშიც შედის BDO Digital-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული ტრანსფორმაციის სერვისები, საგადასახადო მიმართულება და იურიდიული პრაქტიკა, ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი, კორპორაციული ფინანსები და ბიზნესტრენინგები.
 

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „უჩვეულო რეალობა, რომელშიც 2020 წლის მარტიდან აღმოვჩნდით, დიდი გამოწვევა იყო მთლიანად ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით მკაფიოდ განსაზღვრული მისიის და ფასეულობების მნიშვნელობაში ორგანიზაციისა და გუნდისთვის. თითოეული ნაბიჯი, რომელიც ამ პერიოდში გადავდგით ამით იყო ინსპირირებული - ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, გაათმაგებული პასუხისმგებლობა პროფესიონალიზმის და ბიზნეს ეთიკის თვალსაზრისით ჩვენი კლიენტების და ყველა დაკავშირებული მხარის მიმართ, გამორჩეული აქცენტი ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც პრაქტიკულად გადაარჩინა და მეტ-ნაკლებად მწყობრი კალაპოტი შეუნარჩუნა ბიზნესს. შევეცადეთ მყარი პარტნიორობა გაგვეწია ჩვენი კლიენტებისთვის, არათუ შეფერხება არ შეგვექმნა სერვისების მიწოდებაში, არამედ უცვლელი ხარისხით და გამორჩეული გულისხმიერებით გვეთანამშრომლა მათთან. გლობალურმა კრიზისმა ყველა ბიზნესი უჩვეულოდ მსგავსი გამოწვევების წინაშე დააყენა. მოხარული ვართ, რომ შევძელით კლიენტებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გაგვეზიარებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება წარმატების მისაღწევად ახალ რეალობაში, რადგან ჩვენც ანალოგიური გზის გავლა მოგვიწია სირთულეებში ლავირებისას.“ 

 

ადამიანი, როგორც პრიორიტეტი

ადამიანების მხარდაჭერა BDO-თვის უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ხალხზე ზრუნვას და მათ გაძლიერებას გულისხმობს. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული მიზეზებით კომპანია არათუ არავის დაუტოვებია, არამედ თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ვითარება ასევე არ შეხებია თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას.  2020 წლის განმავლობაში დაწინაურდა 97 პროფესიონალი და 31 დეკემბრის მდგომარეობით, BDO საქართველოში წარმოდგენილი იყო 11 პარტნიორით, 204 პროფესიული და 48 ადმინისტრაციული თანამშრომლით.
 
კრიზისზე პირველადი რეაგირების ეტაპზე უპირველესი საზრუნავი ოფისში თანამშრომლების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა იყო. მალევე პანდემიის გამოცხადებას კომპანია მომზადებული შეხვდა დისტანციური მუშაობისთვის გამართული, კომფორტული და უსაფრთხო სისტემებით. თანამშრომლებისთვის უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომი იყო ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები სპეციალურად ამისთვის შექმნილ ვირტუალურ სივრცეებში.
 
სოციალური დისტანცირების პირობებში ინფორმირებულობის  და  გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებისთვის ექსპლუატაციაში ჩაეშვა BDO-ს ინტრანეტი, ჩვენი ვირტუალური ოფისი, რომელიც დაეხმარა თანამშრომლებს ადვილად გადაელახათ პირველი სტრესი და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან უწევდათ მუშაობა, შეენარჩუნებინათ გუნდურობისა და ერთობის შეგრძნება.
 
მუდმივი განვითარება
 
BDO-სთვის განვითარება, თანამედროვე ტენდენციების თუ ტექნოლოგიების ათვისების და დანერგვის მიღმა, უმთავრესად ინოვაციურ აზროვნებასა და მიდგომებზე მუშაობას ეფუძნება. ვთვლით, რომ მომავლის პროფესიონალებს, რისი სამართლიანი ამბიციაც ჩვენ გვაქვს, უპირველეს ყოვლისა უნდა შეეძლოთ, სწორად განსაზღვრონ ინოვაციური გადაწყვეტების დროულობა და მნიშვნელობა კონკრეტული სიტუაციისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში კი გაიაზრონ მათი როლი და ეფექტი პროგრესის თვალსაზრისით.
 
თუმცა დღევანდელ სამყაროში არც „მომავალი“ და არც „გრძელვანიანი პერსპექტივა“ დროში შორი აღარ არის, არამედ უბრალოდ განვითარების შემდეგ, გარდაუვალ ეტაპს გულისხობს. სწორედ ამის რწმენით ვუდგებით ინოვაციებს და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას BDO-ში. 2020-ის დასაწყისში პანდემიის და სოციალური დისტანცირების გამოცხადების პერიოდისთვის კომპანია უკვე იმდენად იყო მზად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რომ ფაქტობრივად ერთ კვირაში სრულფასოვნად გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე. ერთი თანამშრომელი ინტერნეტთან დაკავშირებული ერთი მოწყობილობით (ლეპტოპი, სმარტფონი) უკვე სრულყოფილი, მოძრავი BDO-ს ოფისი გახდა.
 
​​​​​​ISO/IEC 27001 სტანდარტით დაცულმა ინფორმაციულმა და მონაცემთა უსაფრთხოებამ უზრუნველყო სამუშაო გარემოს და სერვისების ღრუბელზე გატანის სრული კომფორტი ჩვენი თანამშრომლებისა და კლიენტებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ კლიენტებს ბიზნეს ურთიერთობაში და თანმიმდევრულად გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე.
 
კოლაბორაციის თანამედროვე პლატფორმის BDO Portal-ის დანერვა მომსახურების პროცესში ერთ-ერთი იყო, რამაც სწორედ ამის შესაძლებლობა მოგვცა - ვასწავლით და ვეხმარებით კლიენტებს, როგორ გადავიდნენ უმტკივნეულოდ და ეფექტურად ციფრული გამოცდილების საფეხურზე.
 
BDO Portal-ის დანერგვის პარალელურად, 2020 წლის განმავლობაში BDO-მ ავტომატიზაციის, მონაცემთა ანალიტიკის, აპლიკაციების, მხარდაჭერის პორტალების, ჩეტბოტების რეკორდული სერია შექმნა. ეს იყო კრიზისზე რეაგირების და მისი შემდგომი მდგრადობის ეტაპისთვის აუცილებელი განვითარება, რამაც გაამარტივა ახალ რეალობაში გარდასახვის პროცესი.
 
სერვისების ციფრულ ფორმატში მიწოდების, მონაცემების ანალიტიკის და ავტომატიზაციის ფართო შესაძლებლობები იქცა BDO-ს ახალი ბრენდის - BDO Digital-ის წინაპირობად, რომლის ქვეშაც 2020 წელს კომპანიის ტექნოლოგიური სერვისების მთელი სპექტრი გაერთიანდა. მიმართულების სერვისები მიზნად ისახავს ბიზნესისთვის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში დახმარებას, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ანალიტიკის თანამედროვე შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას, ასევე კიბერუსაფრთხოების ახლებურად გააზრებას.
 
პროფესიონალიზმი და ბიზნეს ეთიკა
 
2020 წლის კრიზისი ნამდვილი გამოცდა იყო ბიზნესისთვის. არც ისე იოლი აღმოჩნდა  შესაძლებლობების დანახვა გამოწვევებს შორის, თუმცა ეს აუცილებელი იყო გადარჩენისთვის. ამ ვითარებაში BDO-მ რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთა კლიენტების და მათი საქმიანობის მხარდაჭერისთვის და კომპანიის ვებსაიტზე სპეციალური კრიზისის საპასუხო გვერდი შექმნა. ეს იყო ერთიანი ჰაბი მიმდინარე გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტების, სპეციალური სერვისების, უსასყიდლო ვებინარების, ტრენინგების, ანალიტიკური მასალის, მრავალფეროვანი მედია/ონლაინ რესურსების და 24/7 კონტაქტის შეთავაზებით ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
 
პანდემიის დაწყებიდან მალევე BDO-მ გლობალურად წარადგინა ბიზნესისთვის ახალ რეალობაში ადაპტაციის მოდელი -  Rethink-ი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დახმარებოდა ახალ რეალობასთან ადაპტაციაში. BDO საქართველოში აქტიურად ჩაერთო მოდელის პრაქტიკულად ამუშავების პროცესში, გაეშვა ქართულენოვანი ვებგვერდი და კონცეფციის ფარგლებში დაიწყო  გამოცდილებისა და მიდგომების გაზიარება საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიებისთვის.
 

Rethink-ის კონცეფცია არის 3 ეტაპისგან შემდგარი პრაქტიკული მოდელი, რომელიც რელევანტურობას ბუნებრივია კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს. მოდელი ეხმარება ნებისმიერი ტიპის, მასშტაბის და ინდუსტრიის კომპანიებს სწორად გაანალიზონ პანდემიის რომელ ეტაპზე რა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი და რა გზებით შეიძლება მასთან გამკლავება იმისთვის, რომ შეძლონ წარმატებით გარდასახვა ახალ რეალობაში.

 

ინოვაციების 20 წელი

2020 წელს BDO-ს საქართველოში არსებობის 20 წლის იუბილე შეუსრულდა. პანდემიის გამო შეგნებულად უკანა პლანზე გადავწიეთ ამ მნიშვნელოვანი თარიღის სათანადო აღნიშვნა, თუმცა სწორედ შექმნილი ისტორიის და კომპანიის უცვლელი მისიის ინსპირაციით გავიარეთ სირთულეებით სავსე უჩვეულო წელი.

21-ე წელია, BDO ფეხდაფეხ მიჰყვება ათასწლეულს, რომლის რიტმი და თავისებურებები ზუსტად აისახება კომპანიის განვითარების ხასიათზე.  ურთიერთობის უნიკალურ კულტურაზე და ინოვაციურ აზროვნებაზე აგებული ბრენდი აერთიანებს მომავლის პროფესიონალებს თანამედროვე კომპეტენციებით, განვითარებისკენ სწრაფვით და გულისხმიერი დამოკიდებულებებით.

BDO-ს ისტორია და გამორჩეული გუნდი ამბიციური გეგმების დასახვის მყარ საფუძველს გვაძლევს. წინ გასავლელი გზა და საინტერესო პოსტკრიზისული პერიოდია, რომელსაც დაგროვილი გამოცდილებით და ახალი ენერგიით ვხვდებით.