This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • Ed-tech სექტორის ევოლუცია: საყურადღებო ტენდენციები 2022-ში (ENG)
სტატია:

Ed-tech სექტორის ევოლუცია: საყურადღებო ტენდენციები 2022-ში

21 იანვარი 2022

Original content provided by BDO

უდავოა, რომ პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიების როლი სწავლების და განათლების მიღების პროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანი გახდა.  Ed-tech ანუ განათლების ტექნოლოგიები, როგორც სექტორი,  რომელიც ბუნებრივი ტემპით ვითარდებოდა 2019 წლამდე, მას შემდეგ თავბრუდამხვევი სისწრაფით ადაპტირდა, გაიზარდა და შეიცვალა, რომ დისტანციური სწავლების მოთხოვნებს მოქნილად მორგებოდა. ახლა, როცა მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება მეტ-ნაკლებად ნორმალურთან მიმსგავსებულ ცხოვრებას, დროა დავფიქრდეთ, როგორ და რა დონეზე შეიცვალა სამუდამოდ განათლების მიღების პროცესი Ed-tech სექტორის ევოლუციის შედეგად. 
 
საშუალო განათლება: სწავლება სკოლებში 
 
ბოლო ორი წლის განმავლობაში სასკოლო განათლებამ ალბათ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. მთელ მსოფლიოში მასწავლებლებს მოუხდათ არამარტო სწავლების ახალი მეთოდების შემუშავება, არამედ დისტანცირების პირობებში შეფასებების, უკუკავშირის, თვითგანვითარების წახალისების და გამოცდების პრაქტიკის ფორმულირება 4-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის. ამ პროცესში ყველაფერი გამოიყენეს, რაც კი შეიძლებოდა, ვიდეო კონფერენციების სოფტებით  დაწყებული სპეციალიზებული სასწავლო აპლიკაციებით დამთავრებული იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი შედეგისთვის მიეღწიათ სწავლების მეთოდებში. ახლა ისმის კითხვა, რამდენად ორგანული გახდება ეს ყველაფერი პოსტ-პანდემიურ სამყაროში? 
 
როცა ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, ცხადია გარკვეული ტიპის Ed-tech ტექნოლოგიები საშუალო განათლებისთვის აღარ იქნება აქტუალური. ვიდეო კონფერენციების სოფტები მაგალითად, იმედია წარსულში დარჩება. თუმცა ამ დროის განმავლობაში დაინერგა მთელი რიგი ინოვაციები, რომელთაც სწავლების პროცესის მუდმივი დახვეწის მზარდი პოტენციალი აქვთ, განსაკუთრებით AI (ხელოვნური ინტელექტი) ადაპტირებული საწავლო სივრცე. ეს არის სოფტი, რომელიც მოსწავლეს პერსონალიზებულ კურიკულუმს სთავაზობს ინდივიდუალური მოწყობილობებით - ლეპტოპით ან ტაბლეტით, საიდანაც მოსწავლე უკავშირდება თავისი კურსის მოდულებს, სასწავლო პროცესი ინტერაქტიული და მრავალფეროვანია, ხელოვნური ინტელექტი კი მოსწავლის პროგრესს აკვირდება და აფასებს. AI-ს ბავშვის პროგრესის რიტმის გათვლაც შეუძლია და იმ არეების ამოცნობაც, სადაც მოსწავლეს შედარებით უჭირს წინსვლა, შესაბამისად ინდივიდუალურად მასზე მორგებულ სასწავლო გეგმასაც სთავაზობს. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესს მნიშვნელოვან ღირებულებას მატებს, რადგან ეხმარება ყველა ტიპის მოსწავლეს, რა შესაძლებლობებსაც არ უნდა ფლობდნენ ისინი. Prodigy Math, ClassK12 და Oli ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომელთაც პანდემიის პერიოდში მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაკადები მიიზიდეს. 
 
უმაღლესი განათლება: ფართო შესაძლებლობები 
 
აქ უკვე, უნივერსიტეტის კონტიგენტისთვის ნებისმიერი ტექნოლოგია, რომელიც დისტანციური მუშაობის საშუალებას იძლევა, მათ შორის ვიდეო კონფერენციის სოფტები, აქტუალობას არ დაკარგავს და სტუდენტებს მნიშვნელოვნად დაეხმარება კოლაბორაციაში ისე, რომ ფიზიკურად ერთ სივრცეში მათ თავმოყრას არ მოითხოვს. ასევე გასათვალისწინებელია დისტანციური მენტორინგის უნიკალური შესაძლებლობაც -გამორჩეული სიკეთე საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც ახლა მთელი სემესტრების გატარება უწევთ უნივერსიტეტისგან შორს. 
 
თუმცა, ყველაზე დიდი ნახტომი Ed-tech სექტორის განვითარების თვალსაზრისით, კონკრეტულად უმაღლესი განათლებისთვის, კვლევით რესურსებთან წვდომის გაფართოებაში აისახა. Educause-ის ოთხწლიანი კვლევის თანახმად, სტუდენტების 30%-ი კურსის განმავლობაში ერთხელ მაინც ამჯობინებს, რომ არ იყიდოს სასწავლო სახელმძღვანელო; 41%-მა დააფიქსირა, რომ წიგნის ყიდვა სამომავლოდ გადადო, ხოლო 15%-მა საერთოდაც ნაკლები კურსები აიღო სემესტრის განმავლობაში ან თავი აარიდა ისეთი კურსების არჩევას, რომლის სახელმძღვანელოც ძვირი ღირდა. პანდემიის პერიოდში, როცა უნივერსიტეტების ბიბლიოთოეკებში შესვლა აკრძალული იყო, ბევრი სასწავლო დაწესებულება იძულებული გახდა მასალების გაციფრულებასა და მათზე დისტანციური წვდომების დაშვებაზე ეზრუნა, რისთვისაც ისეთ პლატფორმებს იყენებდნენ, როგორიცაა Kortext და Perlego. უფრო მეტიც, მასალების მარტივ გაციფრულებასთან ერთად, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ელექტრონული წიგნები და ინტერაქტიული ელ. სახელმძღვანელოები, რომელთაც კარგი პოტენციალი აქვთ სტუდენტებს უფრო მეტად სიღრმისეული სწავლის პროცესი შესთავაზონ. პანდემიამდე არსებული ელექტრონული წიგნები შედარებით საბაზისო დამხმარე მასალას წარმოადგენდა და თავიანთ ბეჭდურ ეკვივალენტს საკმაოდ ჩამოუვარდებოდა გამოყენებითი ღირებულებით. მაგრამ ახლა, ინტეგრირებული ელემენეტების წყალობით - ვიდეო, აუდიო-ტრანსკრიფციები, ანოტაციები და ძიების შესაძლებლობები - ელექტრონულ წიგნები გაცილებით უფრო მიმზიდველი გახდა სტუდენტებისთვის, რადგან ინფორმაციის მიღების სისწრაფეს, განსაკუთრებით ბეჭდური გამოცემის ყიდვის დანახარჯთან მიმართებაში ალტერნატივა არ აქვს.  
 
ზრდასრულთა განათლება: როცა გინდა, სადაც გინდა 
 
განათლება საკლასო ოთახებს მიღმა, თანაც აკადემიური კალენდრისგან განსხვავებული და ინდივიდუალური გეგმით, სულ უფრო მზარდი და მიმზიდველი თემაა მსოფლიო მასშტაბით.  ვიდეო კონფერენციის ტექნოლოგიებმა ძალიან გააიოლა ვირტუალური შეხვედრები და დისტანციური დასწრება ასეთ ღონისძიებებზე, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. გემიფიკაციის აპლიკაციები, როგორიცაა მაგალითად Duolingo, Codeacadamy და Memrise, მსურველებს სრულიად ინდივიდუალ რიტმზე და არჩევანზე ადაპტირებულ სასწავლო მეთოდებს სთავაზობს.  
 
მაგრამ ამ ინსტრუმენტების სიკეთეს მხოლოდ ინდივიდუალური მსურველები კი არა, ბიზნესებიც შესანიშნავად იყენებენ, როგორც თანამშრომლების განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალიზებულ Ed-tech პლატფორმებს, პირისპირ ტრეინინგების მოსახერხებელი ალტერნატივის სახით. World Economic Forum-ის 2018 წლის ანგარიშში მომავლის პროფესიების შესახებ გამოვლინდა, რომ ყველა ტიპის სამუშაოს 54%-ი საფუძვლიან გადამზადებას ან ახალი ცოდნის და უნარჩვევების შესწავლას მოითხოვს იმისთვის, რომ აქტუალობა შეინარჩუნოს. მაშინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანებს კარგად ესმოდათ და აღიარებდნენ კიდეც უწყვეტი სწავლის და განვითარების მნიშვნელობას და მზად იყვნენ მეტი ინვესტირებისთვის ამ მიმართულებით. ასეთმა წინასწარგანწყობამ ზრდასრულთა განათლების პლატფორმების მოთხოვნის მიმართ განაპირობა სწრაფი განვითარება, რასაც დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ. გამოწერებზე დაფუძნებული Ed-tech სოფტების საშუალებით ბიზნესებს შეუძლიათ თანამშრომლებს წვდომა მისცენ სასწავლო კურსებზე ისე, რომ ადამიანს თავისთვის მისაღებ დროს და სასურველი ტემპით შეეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება. ეს მაინცდამაინც ხარჯებს არ ზოგავს, მაგრამ მინიმუმამდე დაჰყავს ყოველღიური საქმიანობისთვის ხელის შეშლის არასასურველი პრაქტიკა და ამით თანამშრომლებს თავდაჯერებას მატებს, დაგეგმონ თვითგანვითარება დამოუკიდებლად. 
 
აკადემიური ადმინისტრირების ავტომატიზაცია 
 
კიდევ ერთი სიკეთე, რაზეც საკმარისად ხშირად არ საუბრობენ ხოლმე, არის ადმინისტრირების გაადვილება სწავლების პროცესში და მასწავლებლების მიერ შეფასებების და ქულების აღრიცხვაზე დაზოგილი უამრავი საათი. გამოთავისუფლებული დრო ფასდაუდებელი იქნებოდა მათი სამუშაოს შემოქმედებით ნაწილში. დახვეწილი Ed-tech სოფტების გამოყენება ყველა დანიშნულებით შეიძლება - ყოველდღიური პროგრესის მონიტორინგით დაწყებული, წლის ბოლო აკადემიური შეფასებების კომპილაციით დამთავრებული. ეს სოფტები სწავლის რეალური პროცესის დამადასტურებელი მონაცემების არცთუ უსაფუძვლო პრობლემასაც მოაგვარებდა მოსწავლის თუ სტუდენტის პროგრესზე, არჩევანებზე და გამორჩეულ მიღწევებზე დაკვირვებით და ანალიზით. უფრო მეტიც, ხელოვნური ინტელექტის და machine learning-ის ალგორითმების გამოყენებით სტუდენტის სწავლის თავისებურებებს ამოიცნობდა. ამავდროულად, ზოგადად სასწავლო ადმინისტრირების თვალსაზრისით მსგავსი პლატფორმების გამოყენებამ შესაძლოა გააადვილოს კანდიდატების შერჩევის კომპლექსური პროცესი და ცხრილების დაგეგმვა. 
 
ღრუბელზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ სისტემებს თავის მხრივ დამატებითი როლი აქვთ ავტომატიზაციის პროცესში, რადგან მასწავლებლებსა და მშობლებს შორის უფრო გამჭვირვალე კომუნიკაციას უწყობენ ხელს. ღრუბლოვანი პლატფორმები, როგორიცაა Moodle ან Blackboard, შეიძლება სტუდენტების, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ინფორმაციის უნივერსალური, ცენტრალიზებული წყარო იყოს სწავლების საფასურის გადახდების, შეფასებების და ქულების ბარათების გაზიარების, ავტორიზაციის ფორმების ციფრულად ხელმოწერის, დასწრების მენეჯმენტის და უამრავი სხვა ადმინისტრაციული ამოცანისთვის.  
 
გაზრდილი ინვესტიციები  Ed-tech სექტორში 
 
ზემოხსენებული ტენდენციების გამო Ed-tech სექტორი ძალიან მიმზიდველი გახდა ინვესტორებისთვის. Coursera IPO-ზე გავიდა, მთლიანობაში EdTech ბიზნესებისთვის კი ძალიან შთამბეჭდავი ფონდების მოზიდვა განხორციელდა - ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო, როცა Multiverse-მა $130 მლნ მოიზიდა და თითქმის მიუახლოვნდა unicorn status-ს. ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან Ed-tech სექტორის ზრდის უდიდესი შესაძლებლობები გაჩნდა. BDO-მ ამ სფეროში ტრანზაქციებთან დაკავშირებული მნიშნველოვანი კონსულტაციები გასწია, მათ შორისაა Aliter Capital-ის ინვესტიცია Sponge-ში, რომელიც eLearning კონტენტის სპეციალიზებული პროვაიდერია და ემსახურება რამდენიმე უმსხვილეს პლატფორმას მსოფლიო მასშტაბით.  
 
ინვესტიციების ზრდის ტენდენცია სექტორის განვითარებასთან ერთად აუცილებლად გაგრძელდება.  
 
წაიკითხეთ მეტი Ed-tech სექტორის განვითარების შესახებ ჩვენს წინა სტატიაში EdTech: a golden opportunity for saving the world