This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.
  • მდგრადობა და ბიზნესი: ანგარიშგებასთან დაკავშირებული სიახლეები
სტატია:

მდგრადობა და ბიზნესი: ანგარიშგებასთან დაკავშირებული სიახლეები

02 მაისი 2022

2022 წლის 24 მარტს, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდმა (IFRS Foundation) და ანგარიშგების გლობალურმა ინიციატივამ (GRI), რომელსაც მდგრადობის თემებზე ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სტანდარტები აქვს შემუშავებული, გამოაცხადეს თანამშრომლობის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათი შესაბამისი სტანდარტების დამდგენი საბჭოები, მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (ISSB) და მდგრადობის გლობალური სტანდარტების საბჭო (GSSB), შეეცდებიან კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ სამუშაო პროგრამებსა და სტანდარტის დამამკვიდრებელ აქტივობებს და შეუერთდნენ ერთმანეთის საკონსულტაციო ორგანოებს, რომლებიც მდგრადობის ანგარიშგების მიმართულებით მუშაობენ.  

ერთობლივი თანამშრომლობით, IFRS ფონდი და GRI წარმოადგენენ საერთაშორისო მდგრადობის ანგარიშების ორ საყრდენს - სადაც პირველ საყრდენს წარმოადგენს ISSB-ის მიერ შემუშავებული IFRS მდგრადობის გამჟღავნების სტანდარტებში შემავალი ინვესტორზე ორიენტირებული კაპიტალის ბაზრის სტანდარტები. ხოლო მეორე საყრდენია GSSB-ის მიერ დადგენილი GRI-ის მდგრადობის ანგარიშგების მოთხოვნები, რომელიც პირდაპირ თავსებადობაშია პირველ საყრდენთან და შექმნილია მრავალმხრივ დაინტერესებული მხარის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 

ბოლო რამდენიმე წელი ბევრი მიმართულებით უპრეცედენტო პერიოდი აღმოჩნდა და ამის მიზეზებიდან ერთ-ერთი  გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მდგრადობის (ESG) თემების ნამდვილი აფეთქება იყო.  

კომპანიები ძალიან სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდნენ ინვესტორების, მარეგულირებლების, მომხმარებლების, თანამშრომლების მხრიდან. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ESG ფაქტორების ირგვლივ კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. 

Diagram

Description automatically generated 

ბევრ ქვეყანაში არსებობს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ევალებათ ორგანიზაციული მოწყობის თუ ბიზნესის ოპერირებისას მდგრადობის ელემენტების გათვალისწინება და მდგრადობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ რეგულაციები არ არის მამოტივირებელი და ამას ბაზრის მონაწილეებიც ყურადღებას აქცევენ. მდგრადი განვითარების ანალიზი ინვესტირების პროცესის სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. 

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ბევრი სტანდარტი არსებობს, რომელიც კომპანიებში მდგრადობის შესახებ ანგარიშგების მომზადებას და გამჟღავნებას ეხება. ეს მდგომარეობას ცოტათი ართულებს, რადგან ერთიანი, უნიფიცირებული სტანდარტი არ არის, როგორც, მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისთვის არსებობს - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), რომლებიც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში მიღებულია, როგორც საერთო სტანდარტი. 

 

გლობალურად, ESG საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება აქტიურად ეხებათ შემდეგ სექტორებს:  

  • სამეურნეო სექტორი 
  • ფინანსები 
  • მასალები 
  • სამომხმარებლო საქონელი 
  • ენერგია 
  • უძრავი ქონება 
  • ჯანდაცვა 
  • მრეწველობა 
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები 
  • საკომუნიკაციო სერვისები 

საქართველო, როგორც წესი, მცირე ჩამორჩენით, მიყვება მსოფლიო პრაქტიკას. დღეის მდგომარეობით, რეგულაციები მდგრადობასთან მიმართებაში მცირეა და გარკვეული ხარისხით, მხოლოდ საბანკო სექტორს ეხება. თუმცა, პროცესი ცალსახად წინ მიდის, კომპანიები სულ უფრო მეტად იაზრებენ, რომ ახლო მომავალში მსოფლიო პრაქტიკასთან მიახლოება გარდაუვალია და მდგრადობის თემებისთვის მომზადებას მეტ ძალისხმევას უთმობენ. მდგრადობის ინიციატივები განაპირობებს ბრენდის იმიჯის გაუმჯობესებას, ხარჯების შემცირებას, კმაყოფილ აქციონერებს, პროდუქტიულობის გაზრდას, მომავალი რისკებისა და შესაძლებლობების უკეთ დანახვას, და კიდევ არაერთ სარგებელს. 

საქართველოში კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS), შესაბამისად ზემოთ წარმოდგენილი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შეეხება ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამზადებს ანგარიშგებებს IFRS-ების მიხედვით და ორიენტირებულია კაპიტალის ბაზრებზე.  

საერთო ჯამში აღნიშნული სტანდარტები სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიებს, ასევე ინვესტორებს და დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრს მთელს მსოფლიოში, რადგან მიაწვდის სათანადო ინფორმაციას კომპანიების მდგრადობასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომ დაეხმაროს მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, დღეისათვის არსებული რამდენიმე სხვადასხვა სტანდარტის და პრაქტიკის არსებობის ფარგლებში, შეიქმნება ერთი უფრო ძლიერი (დომინანტი) სტანდარტი, რომელსაც სავარაუდოდ ბევრი ქვეყანა დანერგავს, რაც ძალიან ხელსაყრელია, რადგან ერთიანი ჰარმონიული პრაქტიკის არსებობის პირობებში უკვე შესაძლებელი გახდება ინფორმაციის მოძიება, მონაცემების შედარება და სათანადო დასკვნების გაკეთება მრავალმხრივ დაინტერესებული პირებისთვის. 

ჩვენი გუნდი BDO-ს გლობალური ქსელის ექსპერტებთან ერთად კომპანიებს ეხმარება ახლებურად დაინახონ ბიზნესის კეთების, ოპერაციების, დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშგების თემები იმისთვის, რომ შეიმუშავონ მდგრადი მომავლისთვის რელევანტური სისტემები და მიდგომები.  

დეტალურად, თუ რას გთავაზობთ BDO მდგრადობის მიმართულებით, შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.