This site uses cookies to provide you with a more responsive and personalised service. By using this site you agree to our use of cookies. Please read our PRIVACY POLICY for more information on the cookies we use and how to delete or block them.

ლაქტაციის ოთახი BDO-ს ოფისში

12 სექტემბერი 2022

დღეიდან დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებულ დედებს BDO-ში ლაქტაციის ოთახი ელოდებათ. 

ჩვენ კოლეგა ქალებს, რომლებიც ირჩევენ, რომ თავიანთი პატარები ბუნებრივი გზით კვებონ, ლაქტაციის ოთახი მყუდრო გარემოს შეუქმნის. BDO-ს გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას ქალები წარმოადგენენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მეძუძურ დედებს, ჰქონდეთ პირადი სივრცის კომფორტი და ადეკვატური შესვენება ლაქტაციისთვის. ამგვარად ისინი სათანადოდ იზრუნებენ ჩვილებზე, მავდროულად კი სამსახურს მშვიდად და სრულფასოვნად დაუბრუნდებიან. ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტით, სივრცის გამოყენება შეუძლიათ თანამშრომლებს და ასევე შეხვედრებზე მოსულ ვიზიტორ ქალებს საჭიროების შემთხვევაში. 

 

BDO გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ 2020 წელს შეუერთდა. ამ ნაბიჯით ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა და შეგნებული მიზანი, ხელი შეგვეწყო ქალთა გაძლიერებისათვის სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუ საზოგადოებაში. მომდევნო წელს კი, გაეროს გლობალურ შეთანხმების წევრობის ფარგლებში, BDO-მ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქალთა გაძლიერება ერთ-ერთია იმ მდგრადი განვითარების მიზნებს შორის, რომელთა შესრულებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. 

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: “ქალები ბიზნესის ყველა სფეროში აქტიურად არიან ჩართული და შესაბამისად მათი გადაწყვეტილებებიც ბევრი რამის განმსაზღვრელია. უდავოა, რომ ეკონომიკის ბევრ სფეროში ტენდენციებს ამკვიდრებენ და ბიზნესში წარმატება ძალიან დიდწილადაა დამოკიდებული მათ საქმიანობაზე სამუშაო გუნდში. მათ შეუძლიათ მიიღონ ისეთი ღრმად გააზრებული, გულისხმიერი, კომპეტენტური გადაწყვეტილებები, რაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ გააკეთონ თავიანთი უნიკალური გამოცდილებით და ცხოვრებისეული შეხედულებებით. ჩვენ ვთვლით, რომ არსებითად მნიშნველოვანია, ქალებს მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ სამართლიანი ხელშეწყობა იმისთვის, რომ გამოიყენონ თავიანთი უნიკალური პოტენციალი საკუთარი თავის, ოჯახის და საზოგადოების სასიკეთოდ. BDO-სთვის, ჩვენი ორგანიზაციული კულტურისთვის, სრულიად ორგანულია ძლიერი, პროფესიონალი ქალის როლი, რომელსაც შეუძლია მშვიდად და თავდაჯერებულად იზრუნოს შვილებზე თავისი საქმიანობის პარალელურად.“  

თამარა ციცქიშვილი, ადამიანური რესურსების მენეჯერი: „კომპანიის ეს ინიციატივა ჩვენი კოლეგა დედების მხარდაჭერისკენაა მიმართული. დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნება რთულია ხოლმე იმ დედებისთვის, რომლებსაც სურთ გააგრძელონ ლაქტაცია, ოფისებში კი ამისთვის სათანადო პირობები არ ხვდებათ. ჩვენ გვსურს მხარში დავუდგეთ მათ ამ პროცესში, რომელიც ჩვილის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. დედებს არ უნდა უხდებოდეთ, ნაადრევად შეწყვიტონ ბავშვის ბუნებრივი კვება იმის გამო, რომ ტექნიკური და უფრო მეტად ადამიანური მხარდაჭერა აკლიათ.“ 

BDO საქართველო განაგრძობს მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას კომპანიის ბიზნეს მოდელში და ქალთა გაძლიერების პრინციპების ადვოკატირებას, რადგან გადამწყვეტია ერთობლივი ძალისხმევით ვიმუშაოთ ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, რომელშიც გენდერული ბალანსის მიღწევა ეკონომიკურ სპექტრში განსაკუთრებული თემა კი არა, ნორმა იქნება.